„სახელმწიფო დაცვა მეგობრობის საფუძველზე არ ინიშნება. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რეკომენდაცია არსებობდა და ჩვენ ეს რეკომენდაცია გავითვალისწინეთ. პოლიტიკაში არ სწყინთ, პოლიტიკაში პრაგმატულ გადაწყვეტილებებს იღებენ“.
InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. კითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსისთვის, მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის გაუქმებას შეეხებოდა.
მისი თქმით, მსგავს საკითხებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური განიხილავს, ხოლო გადაწყვეტილებები საფრთხის დონის შესაბამისად მიიღება.
„რაც შეეხება სახელმწიფო დაცვას, მსგავს საკითხებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური განიხილავს და ყველაფერი საფრთხის დონის შესაბამისად განისაზღვრება. ამ შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა მიიჩნია, რომ საფრთხის შესაბამისი დონე აღარ არსებობდა. თუმცა, ამ გადაწყვეტილების პერიოდული გადახედვა შესაძლებელია და ეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რეკომენდაციის საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს.
რაც შეეხება ჩემს მეგობრობას მამუკა მდინარაძესთან, სახელმწიფო დაცვა მეგობრობის საფუძველზე არ ინიშნება. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რეკომენდაცია არსებობდა და ჩვენ ეს რეკომენდაცია გავითვალისწინეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის შესახებ საუბრისას კობახიძემ აღნიშნა, რომ მათ შორის მჭიდრო ურთიერთობა არსებობს და ეს ლოგიკურია.
„ბიძინა ივანიშვილი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში პირველი პირია, მე კი მეორე. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ბიძინა ივანიშვილთან ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა მაქვს“, – აღნიშნა პრემიერმა.
კითხვაზე, განაწყენებულია თუ არა ბიძინა ივანიშვილი მამუკა მდინარაძეზე, კობახიძემ განაცხადა, რომ „პოლიტიკაში არ სწყინთ“.
„იცოდეთ, პოლიტიკაში არ სწყინთ. პოლიტიკაში ყველა საკითხთან დაკავშირებით პრაგმატულ გადაწყვეტილებებს იღებენ. ეს გადაწყვეტილებები სამართალსა და კანონებს უნდა ეფუძნებოდეს. ყველაფერი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოხდეს.
ჩვენ ბევრ საკითხზე ვსაუბრობთ. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს, ამ თვალსაზრისით აღნიშნული საკითხი აქტუალური არ არის და შესაბამისად, ამ კითხვებს საფუძველი არ აქვს.
მამუკა მდინარაძეს ირაკლი ღარიბაშვილთან არანაირი კავშირი არ აქვს. შეცდომაში შეყვანა რას ნიშნავს? ანუ, დანაშაული არ ჩაუდენია ადამიანს და ისე დააკავეს? როდესაც თქვენ გარკვეულ საკითხებს აშუქებდით, ჩვენი მხრიდან ჩვენი გუნდის წევრის დაცვა სრულიად ლოგიკური იყო. თუმცა, ალოგიკური ის არის, რომ წლების განმავლობაში ამტკიცებდით, თითქოს ადამიანი დამნაშავე იყო, ახლა კი მისი უდანაშაულობის დამტკიცება გსურთ“, – განაცხადა კობახიძემ.
კიდევ ერთ კითხვაზე, გამოირიცხება თუ არა მომავალში მამუკა მდინარაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთ კითხვას არანაირი საფუძველი არ აქვს.
„ეს არის კითხვა, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს. ასეთ კითხვას არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკურ ხელისუფლებას აქვს უფლება, კომენტარი არ გააკეთოს გუნდში შიდა გადაადგილებებთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენს გუნდში ცვლილებები ხდება, ჩვენ გვაქვს უფლება, ზოგიერთ საკითხზე კომენტარი გავაკეთოთ, ზოგიერთზე კი თავი შევიკავოთ. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. კონკრეტულად რა საფუძვლებით იქნა მიღებული ესა თუ ის გადაწყვეტილება, შიდა საკითხია და ჩვენ გვაქვს უფლება, ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გავაკეთოთ“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ყოფილი ვიცე-პრემიერისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის სახელმწიფო დაცვა გაუქმდა. ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ 20 ნოემბერს ხელმოწერილ განკარგულებაში.
