„საერთო ჯამში, კომერციული სუროგაცია 7 ქვეყანაში იყო ნებადართული, ახლა კი 6 ქვეყანა დარჩება. ამ სფეროში ეთიკური თვალსაზრისით მრავალი პრობლემა არსებობს. მთავარი პრობლემა ქალების ექსპლუატაციაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სუროგაციას. სწორედ ამიტომ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება“.
InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვეყანაში სუროგაციის სრულად აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
მან ასევე განმარტა, რატომ არ განიხილეს სუროგაციის ნაწილობრივი რეგულირების შესაძლებლობა. პრემიერ-მინისტრის თქმით, სუროგაციის რეგულირების მიუხედავად, ექსპლუატაციის პრობლემა არ აღმოიფხვრება.
„სუროგაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა პრობლემა არსებობს. საერთო ჯამში, კომერციული სუროგაცია 7 ქვეყანაში იყო ნებადართული, ახლა კი 6 ქვეყანა დარჩება. ამ სფეროში ეთიკური თვალსაზრისით მრავალი პრობლემა არსებობს. მთავარი პრობლემა ქალების ექსპლუატაციაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სუროგაციას. სუროგაცია, პირველ რიგში, ქალების ექსპლუატაციის თვალსაზრისით, ძალიან მძიმე პროცესია.
სწორედ ამიტომ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ ამ სექტორს ქვეყნის ეკონომიკაში გარკვეული წილი უკავია, ჩვენ სწორედ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება.
ქალის ექსპლუატაცია სუროგაციის განუყოფელი ნაწილია. როგორც არ უნდა დაარეგულირო ეს პროცესი, ექსპლუატაცია მაინც ექსპლუატაციად რჩება. შესაბამისად, რეგულირება მთავარ პრობლემას ვერ აგვარებს“, – განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე – „თუ სუროგაცია პრობლემაა, მაშინ აზარტული თამაშების წახალისება ერის გადარჩენაა?“ – კობახიძემ უპასუხა, რომ ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება. მან ასევე აღნიშნა, რომ სათამაშო ბიზნესში მკვეთრი ჩარევა ეკონომიკასა და ტურიზმს ზიანს მიაყენებს.
„ეს ორი განსხვავებული საკითხია. საქართველოში კაზინოები მრავალი წელია ფუნქციონირებს და ეს სექტორი, მათ შორის, ტურიზმის სფეროს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ეს სფერო ასე განვითარდა. შესაბამისად, ამ სექტორში ერთბაშად და მკვეთრად ჩარევა ქვეყნის ეკონომიკასა და ტურიზმს სერიოზულ, ფუნდამენტურ პრობლემებს შეუქმნის.
ჩვენ არაფერს ვამარტივებთ. ამასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე იყო. პირიქით, კონკრეტული მიმართულება გარკვეულ ჩარჩოებში მოექცა და არანაირი გამარტივება არ მომხდარა.
ჩვენ საპატრიარქოსთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს. რა თქმა უნდა, სუროგაციის საკითხთან დაკავშირებითაც გვქონდა კონსულტაციები. მათი პოზიცია იყო, რომ სუროგაციის აკრძალვა უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა.
ჩვენ რეგულარულად გავდივართ კონსულტაციებს. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ყველა საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო დამოუკიდებელ და სუვერენულ გადაწყვეტილებას იღებს. ამასთან, გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია საპატრიარქოსა და ეკლესიის მოსმენა და მათი მოსაზრებების გათვალისწინება. სუროგაციის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებიც სწორედ ამ ფორმით წარიმართა“, – განაცხადა კობახიძემ.
