„მამუკა მდინარაძეს 73 დღის განმავლობაში სახელმწიფო დაცვის საფარქვეშ აკონტროლებდნენ, ანუ ფაქტობრივად შინაპატიმრობაში ჰყავდათ. მდინარაძის რუსთავის ციხეში ლილუაშვილისა და ღარიბაშვილის გვერდით ყოფნის ალბათობა სულ უფრო რეალური ხდება“.
InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ, სოციალურ ქსელში დაწერა. მან საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელისთვის, მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის შეწყვეტის ფაქტი შეაფასა.
ლაშა ფარულავას განცხადებით, „ივანიშვილის სისტემაში ერთგულება დროებითია, ძალაუფლება კი პირობითი, პოლიტიკური კარიერა კი იმ მომენტში მთავრდება, როდესაც მისი მფლობელი ასე გადაწყვეტს“.
„მამუკა მდინარაძეს 8 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე, 73 დღის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვის საფარქვეშ აკონტროლებდნენ, ანუ ფაქტობრივად შინაპატიმრობაში ჰყავდათ.
როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებაში ბიძინა ივანიშვილი ჩაერია. მისი თვალი და ყური ანზორ ჩუბინიძე იყო. ჩუბინიძე მამუკაზე ადრე, თავად მდინარაძეზე ადრე გაათავისუფლეს თანამდებობიდან.
მამუს ხალხის გადარჩენის საქმე დასრულდა: ფინანსური პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე უკვე გათავისუფლებულია თანამდებობიდან.
შესაძლოა, იგივე ბედი ეწიოს მდინარაძის მეგობარს, მთავარ პროკურორ გვარაკიძესაც.
ამ ყველაფრის ფონზე, მამუკა მდინარაძის რუსთავის ციხეში ლილუაშვილისა და ღარიბაშვილის გვერდით ყოფნის ალბათობა სულ უფრო რეალური ხდება.
პოლიტიკური პარადოქსი ასეთია: ადამიანი, რომელიც საკუთარ გუნდში კორუფციასთან ბრძოლას ცდილობდა, შესაძლოა, თავად იქცეს იმ სისტემის პატიმრად, სადაც კორუფცია გამონაკლისი კი არა, მართვის წესია.
ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ივანიშვილის სისტემაში ერთგულება დროებითია, ძალაუფლება პირობითი, ხოლო პოლიტიკური კარიერა იმ მომენტში მთავრდება, როდესაც მისი მფლობელი ასე გადაწყვეტს“, — წერს ლაშა ფარულავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ ვიცე-პრემიერსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს, სახელმწიფო დაცვა შეუწყდა. ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ 20 ნოემბერს ხელმოწერილ განკარგულებაში.
