საქართველო აზერბაიჯანისთვის ახლო მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია.
InterPress.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა, ბაქოში ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ძალიან ხანგრძლივი ისტორია აქვს. ჩვენს ხალხებს შორის კავშირები ძლიერი და მტკიცეა. სამეზობლო და ძმური ურთიერთობები ყოველთვის ურთიერთპატივისცემასა და პატივისცემას ეფუძნებოდა და დღესაც ვითარდება“.
მინისტრის განცხადებით, შეხვედრის დროს მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები, სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და საერთაშორისო საკითხები განიხილეს.
„აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობებს ძალიან ფართო დღის წესრიგი აქვს. ბუნებრივია, პოლიტიკური დიალოგი ძალიან მაღალ დონეზეა და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან დინამიკას ვაკვირდებით. ბოლო წლებში განხორციელებული მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები ამის ნათელი მაგალითია“.
ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებიც აქტიურად ვითარდება.
მინისტრის თქმით, ორ ქვეყანას სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა აკავშირებს.
„ორ ქვეყანას შორის ამჟამად 145 მოქმედი დოკუმენტი და შეთანხმებაა. დამატებით 18 დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს. ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში ამ დოკუმენტებზე მუშაობაც დასრულდება და ისინი ძალაში შევა“.
