მთავრობის გადაწყვეტილებით, სავაჭრო ობიექტებისა და რესტორნების დახურვის გამო მოქალაქეების დიდი ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა და ხელისუფლებამ მათ წინა “ლოქდაუნის” მსგავსად ფინანსური დახმარება შესთავაზა - 200-200 ლარი 6 თვის განმავლობაში დაქირავებით დასაქმებულებისთვის და ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება თვითდასაქმებულებისთვის, რომელთა საქმიანობის სფეროც შეიზღუდა. ამას გარდა, მთავრობის შუამდგომლობით ადამიანებს, რომელთა საქმიანობა იზღუდება დეკემბერი-იანვრის განმავლობაში, საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ.
იმისთვის რომ მოქალაქეებმა დახმარებები მიიღონ კონკრეტული პროცედურა უნდა გაიარონ: უნდა დარეგისტრირდნენ სამთავრობო პორტალზე - http://compensation.moh.gov.ge/ (პორტალი უახლოეს დღეებში უნდა განახლდეს და ხელახლა დაიწყოს მოქალაქეების განაცხადების მიღება). ამ ბაზაში მოხვედრის შემდეგ მოქალაქეებს შეუძლიათ ინდივიდუალურად მიმართონ ბანკებს და სთხოვონ სესხების რესტრუქტურიზაცია.
განაცხადების განხილვა ასევე ინდივიდუალურად მოხდება და ძირითად შემთხვევაში მოქალაქეებს სესხების 3-თვიან რესტრუქტურიზაციას შესთავაზებენ.
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, განაცხადების მიღება ბანკებში 24 დეკემბერს უნდა დასრულდეს, თუმცა, საფინანსო დაწესებულებები, დიდი ალბათობით, ვადის ამოწურვას არ დაელოდებიან და სესხების რესტრუქტურიზაცია პარალელურ რეჟიმში მოხდება.
ცნობისთვის, წელს ბანკლებმა მოქალაქეებსა და ბიზნესს სესხები 2-ჯერ 3-3-თვით გადაუვადა. ძნელაძის ინფორმაციით, პირველად, სესხების ავტომატურად გადავადების პერიოდში, სულ 2 მილიონზე მეტი სესხი გადავადდა, მეორე ჯერზე 700 ათასი. მისი მოლოდინით, რესტრუქტურიზაციის მესამე ტალღით კიდევ უფრო ნაკლები მოქალაქე ისარგებლებს და შესაბამისად გადავადებული სესხების პორტფელიც კიდევ უფრო შემცირდება.
