ის ვითარება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ქვეყანაში, არის პოტენციურად ქვეყნის დესტაბილიზაციის რეალური საფრთხის მატარებელი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ვითარებაში შეთანხმების მიღწევა არის მნიშვნელოვანი.
„ის ვითარება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ქვეყანაში, არის პოტენციურად ქვეყნის დესტაბილიზაციის რეალური საფრთხის მატარებელი. რას ვგულისხმობ ამაში - ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა ნარჩუნდება მაშინ, როცა ადეკვატურად არის მეტ-ნაკლებად ასახული პოლიტიკური სენტიმენტები და ადამიანების პოლიტიკური არჩევანი საკანონმდებლო ორგანოში. ამ ვითარებაში, როცა ჩვენ მივიღებთ ერთპარტიულ პარლამენტს, ჩვენ შეგვექმნება უფრო და უფრო ღრმა კრიზისი. სულ უფრო დაშორებული იქნება ერთმანეთისგან, რა სურს ხალხს და ვინ მართავს ამ ხალხს. ამიტომ ამ არჩევნების როგორი შეფასებებიც არ უნდა დაიდოს და ვფიქრობ, რომ საბოლოო შეფასებები იქნება უფრო მკაცრი, როდის გამოიღებს ეს შედეგს, მე არ ვიცი. ზეწოლა უნდა იყოს დასავლეთიდან და ქვეყნის შიგნითაც, საბოლოოდ ეს ვადამდელი არჩევნების სახით შედეგს გამოიღებს,“ - განაცხადა სამადაშვილმა.
