ჩვენ ხელს ვუწყობთ იმას, რომ ოპოზიციამ ცვლილებისთვის პარლამენტიდან იბრძოლოს და ბოიკოტი აღარ გამოაცხადოს. თქვენ ამომრჩეველმა იმისთვის აგირჩიათ, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და იქ განახორციელოთ ცვლილებები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს შესახებ საუბრისას განაცხადეს.
„გასულ ზაფხულს საქართველოში განახორციელდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რის შედეგადაც უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემა მიიღეს და ამ საარჩევნო სისტემამ, იმ ახალმა სისტემამ, ფაქტობრივად, იმუშავა. მათ დღეს მეტად მრავალფეროვანი პარლამენტი აქვთ, ვიდრე აქამდე, სადაც ცხრა პარტიაა წარმოდგენილი, რომლებიც ბევრად უფრო მრავალფეროვან პერსპექტივებსა და შეხედულებებს წარმოადგენენ, ამასთან, საარჩევნო ცვლილებების შედეგად პარლამენტში უფრო მეტი ქალია.
ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება, იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ნახვა. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ საარჩევნო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც შემდეგი არჩევნები უკეთესი იქნება და ჩვენ აღარ ვნახავთ იგივე დარღვევების განმეორებას,“- აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
მათ ოპოზიციას მოუწოდეს კანონიერი გზით, სასამართლოში გაასაჩივრონ დარღვევები.
"ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციას, გაასაჩივროს დარღვევები კანონიერი გზებით. სამწუხაროდ, მათ და საქართველოში კიდევ ბევრს, არ აქვს სასამართლო სისტემის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნდობა. ეს ის ინსტიტუტებია, რომლებიც ჩამოყალიბების ეტაპზეა და მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართეს, არ ჰქონიათ რწმენა, რომ საჭირო განხილვას მიიღებდნენ. ამიტომ, არჩევნების მეორე დღიდან ისინი ხელახალ არჩევნებს ითხოვდნენ.
ის, რამაც გამოიწვია ჩვენი ყოყმანი არის შედეგები, გამოთვლები არ იყო ძალიან აცდენილი. ოფიციალური შედეგები, ზოგიერთ შემთხვევაში, ახლოს იყო ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ ჩატარებულ პარალელურ დათვლებთან. ამიტომ, მაშინათვე, ცხადი არ იყო, ეს იყო მასშტაბური დარღვევებით ჩატარებული არჩევნები. რამდენად უარესი იყო წინა არჩევნები, რომელთა შემდეგ ხელახალი არჩევნები არ მოუთხოვიათ? კიდევ ერთხელ - ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, გამოიყენონ კანონიერი საშუალებები, რომლებიც წლების განმავლობაში შექმენით ამ ბრალდებების განსახილველად - გადათვლების და მსგავსი საკითხების, რაც ისე გამჭვირვალედ არ მოხდა, როგორც საჭირო იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან, რამაც გაზარდა ეჭვი შედეგების სანდოობის მიმართ" - აღინიშნა ბრიფინგზე.
