„ბიძინა წადი“, „იმოქმედე“, „არჩევნები გაყალბდა“ - ამ ლოზუნგებით ბათუმში ოპოზიციური პარტიების წევრები და აქტივისტები მსვლელობას აწყობენ.
აქციის მონაწილეები ახალი ბულვარის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მსვლელობით აჭარის მთავრობის სახლისკენ მიემართებიან, სადაც აქციის მონაწილეების ნაწილი იმყოფებიან.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ცეკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია უნდა დაისაჯოს, რადგან საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობა მიიღო. მათ მიაჩნიათ, რომ 31 ოქტომბერს ქართველი ხალხის არჩევანი მოიპარეს.
მათი მთავარი მოთხოვნაა, ქვეყანაში ვადამდელი საპარალმენტო არჩევნები ჩატარდეს.
როგორც შეკრებილები აცხადებენ, გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ბათუმში, კვირას, 8 ნოემბერს, მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავენ.
„ჩვენი ხმების დასაცავად გამოვედით, ამ ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და ბიძინა ივანიშვილს ხალხის ძალას ვაჩვენებთ. 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები რუსმა ოლიგარქმა მიიტაცა, რასაც არცერთი ჩვენგანი არ დავუშვებთ",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ცნობისთვის, საპროტესტო აქციები ბათუმში გუშინ დაიწყო.
