თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთი გზა სომხეთის მიერ ოკუპაციის შეწყვეტაა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება, თურქეთ-აფრიკის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„გათამამებული სომხეთის უკომპრომისო ქმედებებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი განგრენას დაამსგავსა. ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა სომხეთის მიერ ოკუპაციის შეწყვეტაა, რომელიც უკვე 30 წელია, გრძელდება“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის მიწაა, რომელსაც უკვე 30 წელია, სომხეთ იკავებს.
„თურქეთი მთელი გულით უჭერს მხარს აზერბაიჯანის სამართლიან ბრძოლას საკუთარი მიწების გასათავისუფლებლად“, – განაცხადა ერდოღანმა.
