16 
მარ
2026
17:17
68

სტამბოლის ისტორიული უბნები — იედიყულე და სამათია

სტამბოლში მოგზაურობა  იწყება ქალაქის ცნობილი ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით, რომლებიც თითქმის ყველა მოგზაურის სიაშია. თუმცა, ათასწლოვანი ცივილიზაციების მიერ ჩამოყალიბებული ეს მეტროპოლია გაცილებით მეტს მალავს, ვიდრე მხოლოდ პოპულარული კულტურული შენობები.   სწორედ ასეთ ადგილებს შორის არის იედიყულესა და სამათიას   უბნები, რომლებიც ისტორიული ქალაქის კედლების გასწვრივ მდებარეობს და მშვიდი და განსაკუთრებულად საინტერესო გარემოთი გამოირჩევა.

იედიყულე და სამათია დღესაც ინარჩუნებს ძლიერ ადგილობრივ კულტურას. ამ უბნებში სეირნობისას შეხვდებით ძველ მაღაზიებს, ტრადიციულ ყავახანებსა და ისტორიულ სახლებს, სადაც ჯერ კიდევ იგრძნობა ძველი სტამბოლის ატმოსფერო. აქ ასევე გავრცელებულია „მეიხანეს“ -  ტრადიციული ტავერნების კულტურა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

იედიყულე - „შვიდი კოშკის ციხე“ 

იედიყულეს ციხე, რომელსაც „შვიდი კოშკის ციხეს“ უწოდებენ, კარგი ადგილია ძველი სტამბოლის გასაცნობად. ის  V საუკუნეში აღმოსავლეთ რომის იმპერიის დროს ქალაქის დასაცავად აშენდა, მოგვიანებით კი ოსმალებმა მას ახალი კედლები და კარიბჭეები დაამატეს. განსაკუთრებით ცნობილია „ოქროს კარიბჭე“, საიდანაც გამარჯვებული იმპერატორები ქალაქში შედიოდნენ. ციხეში შეგიძლიათ ნახოთ კოშკები,   გაისეირნოთ მათ  შორის და დატკბეთ მარმარილოს ზღვისა და ისტორიული ნახევარკუნძულის ულამაზესი ხედებით.

სამათია -  ისტორია და ყოველდღიური ცხოვრება

იედიყულედან  სამათიამდე   გზად რამდენიმე საინტერესო ისტორიულ ნაგებობას შეხვდებით. მათ შორისაა წმინდა კონსტანტინე და ელენეს ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია თავისი ელეგანტური სამრეკლოთი, ასევე  მონასტრის ნაშთები, რომელიც მოგვიანებით იმრაჰორის მეჩეთად გადაკეთდა და ბიზანტიურ-ოსმალური ისტორიული ფენები ერთ სივრცეში გააერთიანა.

სამათიაში მისვლისას სტუმრებს უბნის ისტორიული მოედანი ხვდებათ, რომელიც თურქულ სერიალებშიც ხშირად ჩანს. აღსანიშნავია, რომ აქ ერთმანეთის გვერდითაა ძველი წიგნების მაღაზიები, კაფეები, საკონდიტროები და რესტორნები. უბნის ხის ისტორიული სახლები, რომელთაგანაც ზოგი კაფედ არის გადაკეთებული, განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. ასეთ ადგილებში შეგიძლიათ ტრადიციული თურქული ყავაც დააგემოვნოთ.

მრავალფეროვანი კულტურა და სამზარეულო

იედიყულესა და სამათიას სიახლოვეს მდებარეობს „რკინიგზის მუშაკთა ეკლესია“ (the Railway Workers’ Church), რომელიც   ოსმალეთის პერიოდში რკინიგზის მუშებს უკავშირდებოდა და დღეს სირიული ქრისტიანული თემის მიერ გამოიყენება. სამათიაში ასევე არის "სურფ ქევორქის"  სომხური ეკლესია (Surp Kevork Armenian Church) — ერთ-ერთი უძველესი სომხური ტაძარი სტამბოლში, ასევე, წმინდა მემასის ( Church of St. Memas) ეკლესია. ეს ნაგებობები კარგად აჩვენებს, რომ ეს უბანი საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კულტურისა და რელიგიის წარმომადგენლების საერთო სივრცე იყო.

ოდესღაც პატარა  სოფელი  სამათია დღეს ცნობილია თავისი ტავერნებით. აღსანიშნავია, რომ აქ სტუმრებს თევზის კერძებს, თურქულ რაქის და სხვადასხვა ტრადიციულ კერძებს სთავაზობენ.

დამატებითი ღირსშესანიშნაობები

სტუმრობის ბოლოს შეგიძლიათ მოინახულოთ ბალიქლის ბერძნული საავადმყოფო (Balıklı Rum Hospital)-  ისტორიული ადგილი, რომელსაც სტამბოლის კულტურულ ისტორიაში განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. ეს საავადმყოფო დღესაც ფუნქციონირებს და ერთგვარ ცოცხალ მუზეუმადაც ითვლება. მის ეზოში მდებარეობს XVIII საუკუნეში აშენებული  აია ჰარალამბოს  ეკლესია "Aya Haralambos Church",   რომელიც წმინდა ჰარალამბოს ეძღვნება. იგი მართლმადიდებლურ ტრადიციაში  ეპიდემიებისგან დამცველ წმინდანად მიიჩნევა. ეკლესია იმედისა და დაცვის სიმბოლოდ ითვლება იმ პერიოდიდან, როცა ქალაქში შავი ჭირი იყო გავრცელებული.

Bizimlə əlaqə saxlayın



ჟურნალისტი

InterPress

Digər xəbərlər