უძველესი მოზაიკები სტამბოლში - ზეითინბურნუს მუზეუმში
უძველესი იატაკებისა და კედლების მოსართავად შექმნილი მოზაიკები მხოლოდ დეკორატიულ ელემენტებს არ წარმოადგენს. მითოლოგიური სცენების მიღმა ისინი გვაწვდიან მნიშვნელოვან ცნობებს თავიანთი ეპოქის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და ამ მეთოდით ისინი, ქვისა და ფერის საშუალებით, წარსულს აცოცხლებენ.
მრავალი ცივილიზაციის მასპინძელი ქვეყანა სტუმრებს უნიკალური მოზაიკური მემკვიდრეობის დათვალიერებას სთავაზობს.მსოფლიოში საუკეთესო მოზაიკური ნიმუშები თურქეთის სხვადასხვა რეგიონში გვხვდება და ეს ადგილები ცოცხალ, მსოფლიო მნიშვნელობის სამხატვრო სივრცეებად არის ჩამოყალიბებული. ეს გამორჩეული და შთამბეჭდავი მემკვიდრეობა დღეს უკვე სტამბოლის ცენტრში - ზეითინბურნუს მოზაიკის მუზეუმშია ხელმისაწვდომი. იგი კულტურის მოყვარულთათვის ნამდვილ დამალულ საგანძურს წარმოადგენს.
მემკვიდრეობა, რომელიც მიწის ქვეშ გამოიკვთა
ზეითინბურნუს მოზაიკის მუზეუმი განთავსებულია ისტორიულ, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის შენობაში, რომელიც დღეს ქაზლიჩეშმეს (Kazlıçeşme )ხელოვნების ცენტრის სახელით არის ცნობილი და სტამბოლში კულტურის მოყვარულთათვის ერთ-ერთ საყვარელ ადგილს წარმოადგენს. მუზეუმში წარმოდგენილი უნიკალური მოზაიკები 2015 წელს, შენობის რესტავრაციის პროცესში, მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1.5 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს.
აღმოჩენისთანავე მოზაიკები კონსერვაციის ქვეშ მოაქციეს. 2019 წელს, მას შემდეგ, რაც გაჩნდა ვარაუდი, რომ შენობაში გამოვლენილი გეომეტრიული ორნამენტები შესაძლოა მის ფარგლებს გარეთაც გაგრძელებულიყო, სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმების ზედამხედველობით საცდელი გათხრები დაიწყო. სამუშაოების შედეგად დადასტურდა არამხოლოდ მოზაიკური საფარის გაგრძელება, არამედ გაკეთდა სრულიად მოულოდნელი აღმოჩენა - გამოავლინეს დიდი მარმარილოს სარკოფაგი ორი ადამიანის ნეშტით.
დღეს ზეითინბურნუს მოზაიკის მუზეუმი მნიშვნელოვანი კულტურული სივრცეა ვიზიტორებისთვის. ეს დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს ნამუშევრები ავთენტურ გარემოში აღიქვას და ღრმად შეაფასოს მათი ისტორიული მნიშვნელობა. მუზეუმში ასევე წარმოდგენილია არაერთი საინტერესო არქეოლოგიური არტეფაქტი.
მოზაიკები
ზეითინბურნუს რაიონში, ოსმალურ ეპოქაში აღდგენილ წითელ აგურის შენობაში, დამთვალიერებელს შთამბეჭდავი მოზაიკური სივრცეები ეშლება თვალწინ. სპეციალური მინის ბილიკი საშუალებას გაძლევთ მოზაიკებს ზემოდან დააკვირდეთ. ისინი შესრულებულია ტრადიციული კუბიკოვანი მოზაიკის ტექნიკით და გვიანი რომაული და ადრეული აღმოსავლურ-რომაული ხელოვნების სტილს გვიჩვენებს.
ცნობისთვის, მუზეუმი ღიაა ყოველ დღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 18:00 საათამდე.


