მეორე მხრივ, მაგნიუმის დეფიციტი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. მსუბუქ ფორმაში, შესაძლოა, იგი შესამჩნევი არც კი იყოს, თუმცა ზოგჯერ ეს მდგომარეობა ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
მოდით, ჯერ ორგანიზმისთვის ამ მინერალის მნიშვნელობას გავეცნოთ, შემდეგ კი მისი დეფიციტის სიმპტომები და რისკფაქტორები განვიხილოთ.
რაში სჭირდება ჩვენს ორგანიზმს მაგნიუმი?
ამ მინერალს ჩვენს სხეულში არაერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, რომ ჯანმრთელობა შეგვინარჩუნოს. იგი:
-
არეგულირებს სისხლის წნევას;
-
არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს;
-
ქმნის ცილებს, ძვლებსა და დნმ-ს;
-
უზრუნველყოფს კუნთების ფუნქციონირებას;
-
უზრუნველყოფს ნერვების ფუნქციონირებას.
გარდა ამისა, ეს მინერალი სტრესისა და შაკიკის, ასევე კუნთების ტკივილის შემსუბუქებაშიც გვეხმარება. მაგალითისთვის, ცნობილია, რომ მაგნიუმის სულფატს აბაზანებში იყენებენ, რადგან მას სტრესისა და ტკივილის საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს.
რა სიმპტომები აქვს მაგნიუმის დეფიციტს?
ბევრ ადამიანს სხეულში მაგნიუმის დონე რეკომენდებულზე დაბალი აქვს, თუმცა თვალსაჩინო სიმპტომებს ეს არც ისე ხშირად იწვევს. გამოდის, შესაძლოა, ამ მინერალის დეფიციტი გქონდეთ და ეს არც კი იეჭვოთ. მაგნიუმის ნაკლებობის დადგენას ნაწილობრივ ისიც ართულებს, რომ სიმპტომები, თუკი არსებობს, სხვა არაერთი მდგომარეობისას წააგავს.
ამ მდგომარეობის ადრეული ნიშნები შეიძლება იყოს:
-
მადის დაკარგვა;
-
კუნთების სპაზმი;
-
გულისრევა;
-
სხეულის დაჭიმულობა;
-
სისუსტე.
თუკი მაგნიუმის ნაკლებობას მალევე არ შევავსებთ, შესაძლოა, ეს დისბალანსი გაუარესდეს და უფრო სერიოზული სიმპტომები გამოიწვიოს, მათ შორის:
-
გულის რიტმის დარღვევა;
-
კიდურების დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნებები;
-
პიროვნების ცვლილებები;
-
კრუნჩხვები.
თავისთავად, ამ სიმპტომებს არაერთი სხვა პრობლემაც შეიძლება იწვევდეს, თუნდაც ენდოკრინული დარღვევები. სწორედ ამიტომ, უმჯობესია, თქვენი მდგომარეობა ექიმმა შეაფასოს და დეფიციტი ანალიზებით დაადასტუროს. კვლევების ჩატარების გარეშე დანამატების მიღება, შესაძლოა, არაეფექტიანთან ერთად საზიანოც აღმოჩნდეს.
ვის ემუქრება მაგნიუმის დეფიციტი ყველაზე მეტად?
კონკრეტული მედიკამენტების მიღების შედეგად ან ჯანმრთელობის ზოგიერთი დარღვევის დროს უფრო მეტია რისკი, რომ ადამიანს სხეულში მაგნიუმი რეკომენდებული რაოდენობით არ ექნება (თუმცა არც დეფიციტი იქნება სახეზე).
მაგნიუმის დეფიციტის რისკფაქტორებს შორის არის:
-
კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული დაავადება (მაგალითად, კრონის დაავადება ან ცელიაკია);
-
მე-2 ტიპის დიაბეტი;
-
ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული აშლილობა;
-
შარდმდენი და საფაღარათო საშუალებების მოხმარება;
-
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ხანგრძლივი გამოყენება;
-
ზოგიერთი ანტიბიოტიკის მიღება.
ცნობილია, რომ ასაკის მატებასთან ერთად სხეული მაგნიუმის ათვისების უნარს კარგავს. სწორედ ამიტომ, მაგნიუმის ნაკლებობის რისკი 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში უფრო მაღალია.
როგორ მოვიქცეთ, თუ მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომები გვაქვს?
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები მხოლოდ მაგნიუმის ნაკლებობას არ ახასიათებს. შესაძლოა, საქმე გვქონდეს როგორც სხვა მინერალის დეფიციტთან, ასევე ჯანმრთელობის კონკრეტულ პრობლემებთანაც. ნუ გამოიყენებთ ინფორმაციას საკუთარი თავისთვის დიაგნოზის დასასმელად და ექიმს მიმართეთ, რომ სიმპტომების გამომწვევი მიზეზები დააზუსტოთ.
თუკი მაგნიუმის დეფიციტი დადასტურდება, სპეციალისტი მკურნალობის გეგმას ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით შეგირჩევთ. შეიძლება დაინიშნოს მაგნიუმის შემცველი პრეპარატი, მაგალითად, მაგნეო. ზოგჯერ მხოლოდ რაციონის გამდიდრებაა რეკომენდებული, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მაგნიუმის დანამატებიც აქტიურად გამოიყენება.
თუკი ექიმი მსგავსი პრეპარატის გამოყენებას გირჩევთ, მის მოძიებას PSP-ს ონლაინ აფთიაქშიც შეძლებთ.
