აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი 11.3-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობისთვის 360 მლნ დოლარი გამოყო. ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურისა და რეგიონული სახმელეთო კავშირების გაუმჯობესებას.
„პროექტი უზრუნველყოფს საქართველოს აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის ბოლო მნიშვნელოვანი მონაკვეთის - საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი, ბათუმიდან სარფამდე მიმავალი ახალი, კლიმატგამძლე გზის მშენებლობას და გააუმჯობესებს ქვეყნის შესაძლებლობებს საგზაო ინფრასტრუქტურის მართვაში“, - აღნიშნულია ADB-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, 11-კილომეტრიანი გზა, რომელიც ბათუმის შემოვლით გზას დააკავშირებს საქართველო-თურქეთის სასაზღვრო პუნქტთან სარფში, აშენდება ტრანსევროპული ავტობანის სტანდარტების მიხედვით. გზის ახალი, შიდა მარშრუტი თავიდან აიცილებს კლიმატის რისკებს. პროექტის დიზაინი ასევე მოიცავს ფერდობების გამაგრებასა და კლდის ჩამოშლისგან დაცვას, გაუმჯობესებულ სანიაღვრე სისტემასა და ეროზიის კონტროლს, ასევე შავი ზღვის სანაპიროს 500-მეტრიან მონაკვეთზე ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურის გამართვას.
ახალი გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თურქეთთან სასაზღვრო ურთიერთობას და გააძლიერებს ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მეორე სავაჭრო დერეფანს, რომელიც საქართველოზე გადის. ეს კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს რეგიონულ როლს და მიმზიდველ საინვესტიციო მიმართულებად აქცევს საქონლისა და მომსახურების მიწოდებისთვის რეგიონულ და გლობალურ ბაზრებზე.
პროექტი დაეხმარება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გზების აქტივების მართვის სისტემების მოდერნიზებაში, ხელს შეუწყობს დაბალი ნახშირბადის პოლიტიკაზე გადასვლას და საგზაო უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებას. გარდა ამისა, პროექტი გააძლიერებს ტრანსპორტის სექტორში ხარისხის კონტროლის შესაძლებლობებს, რაც მოიცავს ტრენინგებსა და სატესტო აღჭურვილობის მიწოდებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ლაბორატორიისთვის.
