საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA) ავტოიმპორტიორების ერთობლივი საჩივრის საფუძველზე, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების - შპს ,,რუსთავის ავტობაზრობის“ და შპს ,,მიკადო ჯორჯიას“ მხრიდან შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მიმართებით საქმის მოკვლევა მიმდინარეობს.
სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება - რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მხრიდან არასამართლიანად მაღალი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას.
საქმის მოკვლევის პროცესში, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის მიზნით, მოპასუხე ეკონომიკური აგენტებისგან, GCCA-მ შესაბამისი დოკუმენტაცია გამოითხოვა. აღნიშნულმა კომპანიებმა, GCCA-ის წერილის ჩაბარების მიუხედავად, განსაზღვრულ ვადაში, გამოთხოვილი დოკუმენტაცია არ წარმოადგინეს, ხოლო ვადის დარღვევის შემდგომ, სააგენტოს არასრული სახით მიაწოდეს. შესაბამისად, ეკონომიკურ აგენტებს - შპს ,,რუსთავის ავტობაზრობასა“ და შპს „მიკადო ჯორჯიას“ ცალ-ცალკე დაეკისრათ ჯარიმა - 3 000 ლარის ოდენობით.
