"ჩემთვის დიდი პატივია, ამჯერად, მოგმართოთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის დელეგატის რანგში. იყო ხალხის სამსახურში არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვგრძნობ და მსურს, უკვე ოთხი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის გავწიო შრომა"
InterPress.ge -ს ინფორმაციით, ამის შესახებ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ჩემმა ბოლნისელებმა იციან, რომ მე არასდროს მიმიტოვებია ჩემი მშობლიური მხარე, ჩვენ ერთად გადავიტანეთ ქვეყნისათვის განსაკუთრებით მძიმე პერიოდი და ერთად გავუმკლავდით გასაჭირს.
დმანისელებს, თეთრწყაროელებს და წალკელებს ვპირდები, რომ ყოველთვის ვიქნები მათთან ერთად, სადაც კი ამის საჭიროება იქნება. ჩემთვის რეგიონი უცხო არ არის, ყველგან უამრავი მეგობარი და ახლობელი მყავს. თითოეულ მუნიციპალიტეტთან მაქვს პირადი და საქმიანი ურთიერთობა.
ჩვენი რეგიონი გამოირჩევა თავისი მრავალეთნიკური მოსახლეობით და ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა. აქ, სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების ადამიანები საუკუნეების მანძილზე ერთად მშვიდად, მეგობრულად ვცხოვრობთ. პატივს ვცემთ ერთმანეთის კულტურას და ტრადიციებს, ერთად ვზეიმობთ დღესასწაულებს. ჩვენ ერთად ვიღვწით უკეთესი ქვეყნის შესაქმნელად და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება.
ჩვენ ერთად შევქმნით ისეთ ქვეყანას, სადაც ყველა ახალგაზრდა შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას, სადაც გაიზრდებიან განათლებული მომავალი თაობები.
მინდა მოგიწოდოთ მხარდაჭერისკენ, ერთსულოვნებისა და ერთიანობისკენ.
მიგულეთ თქვენს გვერდით არა მარტო როგორც პარლამენტის წევრი, არამედ როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის უზომოდ მოსიყვარულე და ქომაგი.
მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი!"-დავით შერაზადიშვილმა განაცხადა.
