საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უქმდება ქალთა კვოტირების სავალდებულო წესი. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.
მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ყველა პოლიტიკური პარტია, რომლებსაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს, ვალდებულია ცესკო წარუდგინოს ისეთი სია, რომელშიც სულ მცირე ყოველი მეოთხე ადამიანი ქალი იქნება.
„საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, იგი ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს ევროპულ გზასთან. გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან გენდერული კვოტების საკითხი ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 პუნქტიანი გეგმის მე-9 პუნქტის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც ევროკომისიამ შესრულებულად ჩათვალა“, - აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.
ქალთა კვოტირების გაუქმებას პარლამენტის 4 აპრილის სხდომაზე მხარი დაუჭირა 85-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი 22 იყო.
