სემეკის მიერ დამტკიცებული ახალი ტარიფის მიხედვით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (მოსახლეობისთვის) წყლის გადასახადი უცვლელი დარჩა. რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს (საჯარო და კომერციულ ორგანიზაციებს), თბილისსა და მცხეთაში 1მ3 წყლის გადასახადი 1 იანვრიდან 8.807 ლარი, ხოლო რუსთავში 6.500 ლარი გახდა.
წყალმომარაგების კომპანიისთვის დადგენილი ტარიფები ძალაში 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება.
აღსანიშნავია, რომ წყალმომარაგების ტარიფების ცვლილება განპირობებულია თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყალმომარაგების ამორტიზებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების აუცილებლობით. ამ მიზნით, სემეკმა შეითანხმა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ 2024-2026 წლებში განსახორციელებელი 363,868,823 ლარის მოცულობის ინვესტიცია. მათ შორის, სემეკთან შეთანხმებული გეგმების შესაბამისად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქ. თბილისსა და ქ. მცხეთაში 317,897,722 ლარის, ხოლო ქ. რუსთავში - 45,971,101 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საინვესტიციო პროექტების მიზნობრიობას წარმოადგენს სასმელი წყლის უწყვეტობის, მიწოდების საიმედოობისა და ხარისხის გაუმჯობესება.
