კიდევ ერთი ქალაქი, საიდანაც რუსული Red Wings Airlines-ი თბილისისა და ქუთაისის მიმართუელბით იფრენს, სანქტ-პეტერბურგია. პულკოვოს აეროპორტიდან ფრენები 18 ნოემბრიდან დაიწყება. ინფორმაციას ავიაკომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
„სანქტ-პეტერბურგიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეისი პირველად იხსნება. ასევე, პირველი იქნება 2019 წლის შემდეგ რეისი პულკოვოს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით,“ - აცხადებენ პრესსამსახურში.
18 ნოემბრიდან თბილისის მიმართულებით რეისი კვირაში ერთხელ, შაბათობით შესრულდება. სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტიდან აფრენა მოსკოვის დროით 06:00 საათზე, ხოლო თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში დაფრენა 11:05 საათზე არის ჩანიშნული.
ქუთაისის მიმართულებით ფრენები 2 დეკემბრიდან, ასევე, კვირაში ერთხელ, შაბათობით დაიწყება. პეტერბურგიდან გამგზავრება მოსკოვის დროით 17:00 საათზე, ქუთაისში ჩასვლა კი 22:25 საათზე არის დაგეგმილი.
