„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ“ კონკურენციის სააგენტოს ჯარიმის გასაუქმებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ინფორმაცია კომპანიაში დაუდასტურეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სასამართლოს სარჩელით კონკურენციის სააგენტოს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმმა“ მიმართა.
ამასთან, კომპანიაში Business Insider Georgia-ს განუცხადეს, რომ სასამართლოს კონკურენციის სააგენტოს წინააღმდეგ, დაკისრებული ჯარიმის გაუქმების მიზნით, კიდევ ოთხმა კომპანიამ „ლუკოილ-ჯორჯიამ“, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ“, ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიამ“, და „რომპეტროლ საქართველომ“ მიმართეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის ბაზარზე, ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ წარმოებული მოკვლევა დაასრულა.
საკითხი ეხება - 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, კოორდინირებული ქცევის შედეგად, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგად დადასტურდა - შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს ,,რომპეტროლ საქართველოს“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა.
