საქართველოს ყველა მოქალაქე, რომლის სურვილია, თურქეთში სამუშაოდ გადავიდეს, ვალდებული იქნება, წარმოადგინოს თურქეთიდან, შესაბამისი დამსაქმებლის მხრიდან გაცემული სამთვიანი ოფიციალური ცნობა, – ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს უკან დაბრუნებისას საკარანტინო რეჟიმის გავლა მოუწევთ.
„დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელეთ იმ მოქალაქეებზე, რომელთა სურვილია, თურქეთში სამუშაოდ გადავიდნენ. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეები და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აჭარის მცხოვრებლები თურქეთის რესპუბლიკიდან, დამსაქმებლისგან გაცემული სამთვიანი ოფიციალური მოწვევის საფუძველზე შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წავსლას. თუმცა ისინი უკან დაბრუნებისას ვალდებული იქნებიან, გაიარონ საკარანტინო რეჟიმი“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.
