წელს მოცვის ექსპორტიდან საქართველომ ორჯერ მეტი შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
„საქართველოდან მოცვის ექსპორტი დაიწყო 2019 წელს და ყოველწლიურად ორმაგდებოდა როგორც რაოდენობრივად, ასევე თანხობრივად.
2023 წლის 7 თვის მონაცემებით, მოცვის ექსპორტმა 18.2 მლნ აშშ დოლარი და 3.0 მლნ კგ შეადგინა, რაც 2.1-ჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებლებს. მოსავლის აღების სეზონიდან გამომდინარე, საექსპორტო თვეები 2023 წელსაც ივნისი და ივლისი იყო. საშუალო საექსპორტო ფასი ივნისში იყო კგ-ზე 6.3 აშშ დოლარი, ხოლო ივლისში კგ-ზე 5.5 აშშ დოლარი. აღნიშნული თვიური კლება გლობალური ტენდენციებიდან გამომდინარეობს.
მოცვის ექსპორტის უმეტესი ნაწილი (ჯამური ღირებულების 91.7%) გავიდა რუსეთში 2023 წლის 7თვეში. დანარჩენი 8.3%-დან 3.0% გავიდა სომხეთში, 2.3% ევროკავშირის ქვეყნებში (პოლონეთი,ნიდერლანდები,გერმანია), 1.9% არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და 1.1% სხვა ქვეყნებში,“- ნათქვამია კვლევაში.
(bpn)
.jpg)