გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სააგენტოში UNESCO-ში თვლიან, რომ სმარტფონის გადაჭარბებული გამოყენება იწვევს ცუდ აკადემიურ მოსწრებას და ეს უარყოფითად მოქმედებს ბავშვების ემოციურ სტაბილურობაზე. ამასთან დაკავშირებით, UNESCO ითხოვს სკოლებში სმარტფონების გლობალურ აკრძალვას და მიაჩნია, რომ ეს ხელს შეუწყობს სწავლის გაუმჯობესებას და ბავშვებს დაიცავს კიბერბულინგისგან.
UNESCO-ში აცხადებენ, რომ ციფრული ტექნოლოგიების დადებითი გავლენა სწავლის შედეგებზე შეიძლება გადაჭარბებული იყოს და ახალი ყოველთვის არ არის უკეთესი: „ყველა ცვლილება არ წარმოადგენს პროგრესს. მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც შეიძლება გაკეთდეს, არ ნიშნავს რომ ის უნდა გაკეთდეს."
„ციფრულ რევოლუციას განუზომელი პოტენციალი აქვს, მაგრამ როგორც გამოითქვა გაფრთხილებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი მართვა საზოგადოებაში, იგივე ყურადღება უნდა მიექცეს მის გამოყენებას განათლებაში. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება მიზნად ისახავს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას მოსწავლეებისა და მასწავლებლების საკეთილდღეოდ და არა მათ საზიანოდ. უპირველეს ყოვლისა დაიცავით მოსწავლეთა საჭიროებები და მხარი დაუჭირეთ მასწავლებლებს. ონლაინ სესიები არ ჩაანაცვლებს ცოცხალ კომუნიკაციას“, - განაცხადა UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულემ.
მსოფლიოს 200 საგანმანათლებლო სისტემის ანალიზზე დაყრდნობით, UNESCO-ს შეფასებით, ყოველი მეოთხე ქვეყანა კრძალავს სკოლებში სმარტფონების გამოყენებას. მათ შორისაა საფრანგეთი, რომელმაც თავისი პოლიტიკა 2018 წელს შემოიღო და ნიდერლანდები, რომელიც 2024 წლიდან დააწესებს შეზღუდვებს.
აკრძალვის გამოცხადებისას, ჰოლანდიის განათლების მინისტრმა რობერტ დიკგრააფმა განაცხადა რომ „მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ კონცენტრირება და უნდა მიეცეთ საშუალება კარგად ისწავლონ. „კვლევა აჩვენებს, რომ სმარტფონები ხელისშემშლელია. ჩვენ უნდა დავიცვათ სტუდენტები ამისგან“. - დასძინა მან.
(bpn)
