აღსანიშნავია, რომ შესაბამისი კანონპროექტი უკვე პარლამენტშია ინიცირებული, რომლის თანახმადაც, შიდა სამგზავრო გადაყვანა სანებართვო სისტემაში მოექცევა, ავტოსადგურები კი სერტიფიცირებას დაექვემდებარება.
ცვლილების შედეგად, ქვეყანაში იარსებებს საავტომობილო გადაყვანების სფეროში შემდეგი სახის ნებართვები: საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა; საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა; საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო ერთჯერადი გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი. შესაბამისად წესდება შესაბამისი მოსაკრებლებიც.
კერძოდ, პროექტის თანახმად,საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა - 500 ლარი, ასევე 500 ლარი იქნება საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა, თუმცა კანონპროექტით ამ შემთხვევაში გარდამავალი პერიოდია დაწესებული და 2025 წლის 1-ელ მაისამდე ნებართვის აღება - 100 ლარად იქნება შესაძლებელი; საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო ერთჯერადი გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა კი, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი - 1 500 ლარი ეღირება.
რაც შეეხება სანქციებს, კანონპროექტის თანახმად, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის უნებართვოდ განხორციელების შემთხვევაში პირის პირველადი დაჯარიმების თანხა შეადგენს 1 000 ლარს, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედების გამო პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება. ამასთან, ავტოსადგურის მიერ ავტოსადგურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარამდე.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილებების ამოქმედება 2024 წლის 1-ლი თებერვლიდან იგეგმება.
(inforustavi)
