მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკოში ბრიფინგი გაიმართა.
როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ეს პირველი არჩევნებია, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს და სწორედ ამიტომ, შეიძლება ითქვას ეს არის საქართველოს არჩევნების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი.
„საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება 29 აპრილის არჩევნებს. მიგვაჩნია, რომ ყველა ჩართულ მხარეს შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა საარჩევნო პროცესის წარმატებით წარმართვაში. სწორედ ამიტომ, უპირველესად, მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, მოვიდნენ არჩევნებზე, გააკეთონ არჩევანი და ნახონ, როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები. ასევე მივმართავთ ჩართულ მხარეებს - პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას - მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიზაციის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში, დააკვირდნენ არჩევნებს და ჩვენთან ერთად ჩაერთონ ელექტრონული არჩევნების დანერგვაში. საარჩევნო რეფორმის წარმატებით განხორციელება ხომ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის პასუხისმგებლობაა. ჩვენ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას, რადგან არჩევნები საერთო საქმეა.
აქვე მინდა ამომრჩევლებს შევახსენო, რომ განსხვავებული იქნება საარჩევნო ბიულეტენიც - ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, არამედ უნდა გააფერადოს კანდიდატის წინ არსებული წრე. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს. რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო.
აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს.
სიახლეა გადასატანი ყუთით სარგებლობასთან დაკავშირებითაც - პირველად ამ არჩევნებზე, ის ამომრჩევლებიც გაივლიან მარკირების პროცედურას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას.
ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლა. სწორედ ამის შემდეგ შედგება შემაჯამებელი ოქმები, რომელიც დასკანერდება პლანშეტით და გამოიგზავნება პირდაპირ ცესკოში",- განცხადებაშია აღნიშნული.
İpn.ge
