თბილისის სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვნად იზრდება მგზავრთნაკადი, დაგეგმილია 160 ერთეული, ბუნებრივ აირზე მომუშავე (ევრო 6 სტანდარტის ემისიის) 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ამ მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ გამოცხადებული აქვს ბაზრის კვლევა, რომელიც 27 აპრილს დასრულდება.
როგორც კალაძემ განმარტა, ბაზრის კვლევის შედეგების შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება დაგეგმილია მაისის დასაწყისში.
„წინასწარი შეფასებით, 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ჯამური ბიუჯეტი, დღგ-ს ჩათვლით, დაახლოებით 245 მლნ ლარი იქნება. ეს თანხა დაკორექტირდება ბაზრის კვლევის შედეგების მიხედვით.
18-მეტრიანი ავტობუსების მოწოდება დაგეგმილია ეტაპობრივად 2024 წლის განმავლობაში. პირველი 50 ერთეულის მოგვეწოდება, საორიენტაციოდ, 2024 წლის აპრილამდე, ხოლო დანარჩენის - 2024 წლის მეოთხე კვარტალში“, - განაცხადა კალაძემ.
(imedi)
.jpg)