"წინა კვირის განმავლობაში, საქართველოში ბევრს საუბრობდნენ პენსიონერებზე. ბრიტანელი პენსიონერების ისტორიები, რომლებიც ბიბისის საგამოძიებო ფილმმა გვაჩვენა, ნამდვილად მძიმე მოსასმენი იყო. განსხვავებით, ბრიტანელი პენსიონერებისგან, რომლებიც დანაშაულებრივი დაჯგუფების თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდნენ, საქართველოში პენსიონერების ძარცვა დაკანონებულია."
საპარლამენტო ჯგუფ "მოქალაქეების" აღმასრულებელმა მდივანმა ქეთევან თურაზაშვილმა, პენსიონერების მდგომარეობის გამოსწორებისთვის დაუყოვნებლივ გადასადგმელ ნაბიჯებზე დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან ისაუბრა.
"ამ ტრიბუნიდან, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ამაზე უკვე მეორედ ვსაუბრობ. სამწუხაროდ, აქ ამ დარბაზში ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, პენსიონერებისთვის არაფერი შეცვლილა. არც ფინანსთა სამინისტროს, არც ეროვნულ ბანკს და არც, მით უმეტეს, ლიბერთი ბანკს არ გამოუთქვამს სურვილი კიდევ ერთხელ დაჰბრუნებოდა ამ საკითხს, შეესწავლა, განეხილა და მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც არსებულ მავნე პრაქტიკას გამოასწორებდა.
გავიგეთ, რომ საპენსიო სესხზე პროცენტი შემცირდა და ამ შედეგის მისაღწევად ჩვენც აქტიურად ვიყავით სამუშაო პროცესში ჩართული, მაგრამ რატომღაც არავინ აღიარებს და ყველა თვალს ხუჭავს, რომ ძველ სესხებთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები.
ჩემ შეკითხვაზე, ეროვნული ბანკის პასუხი ასეთია, რომ მომართვიანობას დააკვირდება ჯერ, მოხუცების ცხოვრების ხარისხი კი დღითი დღე უარესდება. ისევ ვიმეორებ, პენსიონერების დიდ ნაწილს 2023 წლამდე უკვე აღებული აქვს სესხი. მათი უმეტესობა, სესხს იღებდა მკურნალობისთვის ან ოპერაციისთვის. პანდემიის დროს, ისარგებლეს 3-6 თვიანი გადავადებით და სესხები გაეზრდათ 2-3 წლის ვადით, რა თქმა უნდა, მათთვის ეს არავის აუხსნია, რაც მათ მოტყუებას ნიშნავს, მათი უმეტესობა არ გადაივადებდა სესხს ამ კაბალური პირობით. რაც შეეხება ოვერდრაფტებს, რაც ვერანაირ კრიტიკას უძლებს.
წერილებზე პასუხებს ვერ ავუდივარ, მოხუცები შველას ითხოვენ. ასობით ასეთი მაგალითი მაქვს. ეს სამარცხვინო მდგომარეობა რომ გამოსწორდეს, დაუყოვნებლივ გასაკეთებელია 2 რამ: 1. ყველა ოვერდრაფტი უნდა გადაკეთდეს დასრულებად სესხად 26% ში ისე, რომ სესხის ვადა არ გაიზარდოს. 2. პენსიონერების სესხები იგივე ოვერდრაფტები, რომლებზეც უკვე დაფარულია სესხად გამოტანილი თანხის ოდენობა, უნდა განულდეს," - განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.
(primetime)
