46-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილს ხვალ რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა. მათმა ნაწილმა ამ საკითხზე დღეს პრესკონფერენცია გამართა. მიმართვაში საუბარია აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებაზე.
„ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი პარლამენტის წევრები, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 82-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, მოგმართავთ მოიწვიოთ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2023 წლის 11 აპრილს, შემდეგი დღის წესრიგით:
საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „რეფორმების ჯგუფის“ ინიციატივის საფუძველზე, შეიქმნას საქართველოს სასამართლო სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია.
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხებია: სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის არსებობა, რომელიც უკანონოდ ერევა მართლმსაჯულების განხორციელებასა და მოსამართლეთა შერჩევა-დაწინაურებაში, მოსამართლეებზე უკანონო ზემოქმედების, კორუფციისა და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები”, - აღნიშნულია დეპუტატების მიმართვაში.
რეგლამენტის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
(imedi)
