დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მისი პირადი რჩევაა, რომ საარჩევნო კამპანია ღია სივრცეებში უნდა ჩატარდეს და ასევე, დაცული უნდა იყოს დისტანცია. ამით მან უპასუხა კითხვას, როგორ მოუწევთ კანდიდატებს პანდემიის პირობებში საარჩევნო კამპანიის ჩატარება.
მისივე თქმით, ამჟამად აღნიშნულის თაობაზე მუშობა მიმდინარეობს.
„მე პირადად, როცა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღეს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ჩართული ვიყავი. ამჟამად ბევრი კანონქვემდებარე აქტი მუშავდება. ეს დაკონკრეტდება მათ შორის, წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით. ზოგადი რეკომენდაციები იქნება, რასაც ხშირად ვსაუბრობთ - დისტანციის დაცვა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, იგივე პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა და თუ გარკვეული თავშეყრის ჯგუფი იქნება, იქ რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება პირბადეების ხმარება, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ეს ყველაფერი ახლა მუშავდება და ალბათ იქნება ცნობილი.
ჩემი პირადი რჩევაა - ყველაზე მთავარი წინასაარჩევნო კამპანიების დროს დისტანციის დაცვა და ღია სივრცეებში ამ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება, ნაკლებად - დახურულ სივრცეებში“, - აცხადებს გამყრელიძე.
წყარო: İPN
