დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ღია ფანჯრების პირობებში კონდიციონერის ჩართვის შესაძლებლობა „ალბათ უნდა გავრცელდეს ტრანსპორტზეც“. ასე ეხმაურება ამირან გამყრელიძე „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, ღია ფანჯრების შემთხვევაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონდიციონერების ჩართვასთან დაკავშირებით.
როგორც გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კონდიციონერების გამოყენების გადაწყვეტილება სწორედ, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მეირ გამოქვეყნებულ რეკომენდაციების მიხედვით მიიღეს.
„ეს უახლესი გაიდლაინი დაიდო 22 ივნისს ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის, სადაც წერტილი დაესვა საკითხს, რომ თუ კონდიციონერი ჩართულია და შიგნით არ ატრიალებს ჰაერს ღია ფანჯრების ფონზე საშიშროებას არ წარმოადგენს. ამიტომ იქნა გადაწყვეტილება ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით მიღებული, ოღონდ იმ პერიოდში აბიტურიენტებს უნდა ეკეთოთ პირბადე. მსგავს რეკომენდაციებზეც ვმუშაობთ, რომ ალბათ, იგივე უნდა გავრცელდეს ტრანსპორტზეც,“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, კონდიციონერის ჩართვის შემთხვევაში, თუ ეს რეგულაციები გავრცელდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზეც, ფანჯრები უნდა იყოს ღია და ადამიანებს აუცილებლად უნდა ეკეთოთ ნიღაბი.
მისი თქმით, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში მიუთითებენ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში უმეტესად გამოყენებულია კონდიციონერები, რომლებიც გარე სისტემებზე მუშაობენ, შესაბამისად, ისინი ამავე კვლევის მიხედვით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით საფრთხეს არ წარმოადგენენ.
„დიახ, ვფიქრობთ, რომ აღნიშნული რეკომენდაციები უნდა გავრცელდეს ტრანსპორტზეც. ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში, რომელიც მისაღებია ჩვენი ქვეყნისთვისაც, მიუთითებენ, რომ ტრანსპორტში უმეტესად გამოყენებულია კონდიციონერები, რომლებიც გარე სისტემებზე მუშაობენ. ამასთან, ერთმნიშვნელოვანი მითითებაა, რომ კონდიციონერებში გამოყენებული ფილტრები უნდა იყოს ახალი გამოცვლილი ან სათანადოდ გასუფთავებული. კონდიციონერის ჩართვის შემთხვევაში, თუ ეს რეგულაციები გავრცელდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზეც, ფანჯრები უნდა იყოს ღია და ადამიანებს აუცილებლად უნდა ეკეთოთ ნიღაბი, ეს დარჩება ჩვენ რეკომენდაციად,“ - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.
წყარო: İPN
