პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსის, მართლმსაჯულების რეფორმისა და „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ხელისუფლება ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება.
ჟურნალისტების კითხვაზე, ეტევა თუ არა „ქართული ოცნება“ ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე ვადებში, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ რამდენიმე საკითხის გარდა, რაზეც „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება, პრაქტიკულად ყველა სხვა საკითხი ამოწურულია.
„არის საკითხი, სადაც ჩვენ დამოკიდებული ვართ, რამდენად სწრაფად გაგვცემს პასუხს ვენეციის კომისია - ეს გახლავთ „საარჩევნო კოდექსი“, მართლმსაჯულების რეფორმა და ახლა უკვე „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი. საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მალევე ველოდებით, რომ ვენეციის კომისიისგან რამდენიმე დღეში იქნება პასუხი.
რაც შეეხება მართლმსაჯულების შესახებ საკითხებს და დეოლიგარქიზაციას, ვნახოთ, რამდენად სწრაფად იქნება ვენეციის კომისიისგან დასკვნა. როგორც კი იქნება, ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ.
გარდა ამისა, არის ორი საკითხი, ომბუდსმენის არჩევა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა, აქ დამოკიდებული ვართ ოპოზიციის კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე, რომ შესაბამისი უმრავლესობა შეიკრიბოს კანდიდატების გარშემო. არის საკითხები, რომელსაც მარტო უმრავლესობა ვერ გადაწყვეტს, საჭიროა ოპოზიციის კონსტრუქციული თანამშრომლობა.
რაც შეხება სხვა დანარჩენ საკითხებს, აქ ჩვენ პრაქტიკულად ყველა საკითხს დეკემბრის ბოლომდე ამოვწურავთ. იცით, რომ გუშინაც მესამე მოსმენით რამდენიმე კანონი მივიღეთ. ფაქტობრივად, მხოლოდ ის საკითხებია დარჩენილი, რომელიც სარჩევნო რეფორმას, მართლმსაჯულებას, დეოლიგარქიზაციას და თანამდებობებზე პირების არჩევას შეეხება“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა, რომ დეკემბრის ბოლო არ იყოს ბოლო ვადა რეკომენდაციების შესრულების კუთხით, პაპუაშვილმა განმარტა, რომ ეს ყველაფერი სრულად დამოკიდებულია ვენეციის კომისიაზე.
„მართლმსაჯულების საკითხებს რაც შეეხება, დამოკიდებული ვართ იმაზე, რამდენად სწრაფად იმოქმედებს ვენეციის კომისია. პრაქტიკა აჩვენებს, რომ დასკვნის მოსაცემად მინიმუმ 1 თვე სჭირდებათ. ამიტომ, ვფიქრობ, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისგან პასუხი არ იქნება. ამიტომ, შევხედოთ, შეიძლება პასუხი მანამდეც იყოს. ჩვენ სრულად ვენეციის კომისიაზე ვართ დამოკიდებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
IPN.ge
