შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, 1967 წელს დაბადებული მ. დ. და 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ. მ. „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული, ხოლო ასევე წარსულში ნასამართლევი 3 პირი: 1983 წელს დაბადებული გ.დ., 1989 წელს დაბადებული კ.ჩ. და 1968 წელს დაბადებული გ.ფ. პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დააკავა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მ.დ.-მ და მ.მ.-მ არსებული ფინანსური დავის მოსაგვარებლად მიმართეს "ქურდული სამყაროს" წევრებს - გ.დ.-ს, კ.ჩ.-ს და გ. ფ.-ს.
კომპლექსური გამოძიებით კი დადგინდა, რომ ბრალდებულები - „ქურდული სამყაროს“ წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ დანაშაულებრივ საქმიანობაში და მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ.
ბრალდებულმა „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოდავე მხარეებს - მ. დ.-ს და მ. მ.-ს შორის არსებული დავის გადაწყვეტის მიზნით, რამდენჯერმე მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა.
პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
(წყარო: მთავარი არხი)
