კანდიდატის სტატუსი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული. მას შემდეგ ისინი წლებია ელოდებიან წევრობას და მათ შემთხვევაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.
ღარიბაშვილის შეფასებით, კანდიდატის სტატუსის მიღებას სჭირდება „მომზადება და არა ფარისევლობა და ტყუილი“. ოპოზიციაზე საუბრისას, მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ისინი „ატყუებენ ხალხს, თითქოს რაღაც სასწაული მოხდება და დაინგრევა რაღაც, თუ არ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი“. ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და ახლაც აკეთებს იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
„ჩვენი მთავარი ოცნება და მიზანი უნდა იყოს ქვეყნის გაერთიანება. ოპოზიციას მინდა მივმართო - ქვეყნის გაერთიანების გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს მომავალი? 24 საათი ლაპარაკობთ სტატუსზე, გასაგებია, გავიგეთ და გეთანხმებით, რომ სტატუსი არის მნიშვნელოვანი. ასევე მინდა აგიხსნათ და კიდევ ერთხელ შეგახსენოთ - ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა მივმართო, რომ კანდიდატის სტატუსი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული და მას შემდეგ ისინი წლებია ელოდებიან წევრობას და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა მათ შემთხვევაში. ეს არის ერთი ეტაპი, პროცესი, რომლის შემდეგაც იწყება სხვა პროცესი და ა.შ. წლები დასჭირდება იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. ამას სჭირდება მომზადება და არა ფარისევლობა და ტყუილი - რომ გამოდიხართ და ატყუებთ ხალხს, თითქოს რაღაც სასწაული მოხდება და დაინგრევა რაღაც, თუ არ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. სტატუსს მიიღებს საქართველო, რადგან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენ ამისთვის ყველა ნიადაგს ვქმნით და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს პარტნიორებს სრული მზაობა ვაჩვენოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
IPN.ge
