უნდა ვაღიაროთ, რომ სანამ არჩევნების გზით და არა რევოლუციებით, აგრესიით, კონფრონტაციებით, „ქართული ოცნება“ არ შეიცვლება, იქამდე არანაირ პერსპექტივას არც ევროკავშირისგან და არც ნატო-სგან არ უნდა ველოდოთ , - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, მამუკა ჟღენტმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მამუკა ჟღენტმა გადაცემაში საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიშზეც ისაუბრა.
მისი შეფასებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გზავნილია ქართველი ხალხისთვის, რომ ევროპაში ყოფნის პირობა ოლიგარქიული რეჟიმისგან თავის დაღწევაა.
„გზავნილი არის ჩვენი მოსახლეობისადმი, პირდაპირაა ნათქვამი შავით თეთრზე: „თუ გნებავთ ჩვენთან ყოფნა, ერთადერთი პირობაა, იცხოვრეთ ევროპულად, აღიარეთ ევროპული ფასეულობები და არა ოლიგარქიული, მონური, დიქტატორული თუ ავტორიტარული რეჟიმი“. ივანიშვილმა კერძო კომპანიად გადააქცია ეს ქვეყანა, ზოოპარკად. ჩემზე კარგად იცით, რაც ხდება დღეს და რას დაამსგავსა ივანიშვილმა ქვეყანა. თუ ჩვენი მოსახლეობისთვის ეს „მესიჯი" არ არის გასაგები, ჩვენი პოლიტიკოსები ერთმანეთის ხოცვაში გაატარებენ ამ ყველაფერს, ოპოზიციურ სპექტრს ვგულისხმობ, მაშინ ეტყობა მართლებიც ყოფილან, ამ პირობებში, დღევანდელი საქართველოს ევროპაში ყოფნა დამიჯერეთ, არც ჩვენს ინტერესში არ შედის და არც კიდევ ევროპის კავშირს არანაირად არ აინტერესებს ასეთი ზოოპარკის მიღება წევრ სახელმწიფოდ“, - განაცხადა მამუკა ჟღენტმა.
ცნობისათვის, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს კომპრომისული შესწორებებით მხარი დაუჭირა. ევროპარლამენტი საქართველოს ურჩევს ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების გადაჭარბებულ გავლენის პრობლემა მოაგვაროს. დოკუმენტის თანახმად, ევეოპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარულ ნიადაგზე და გამოიყენოს ეს როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება. ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და გადახედოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს მედიის მუშაკებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელების ან ახლო ოჯახის წევრების წინააღმდეგ; დოკუმენტი ამ კუთხით განიხილავს ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას, ისევე როგორც სხვა მედიასაშუალებების, როგორიცაა „ფორმულას“ და „პირველი TV“-ს დირექტორებისა და დამფუძნებლების შემთხვევას და იმეორებს გვარამიას მიმართ გამამტყუვნებელი განაჩენის გადახედვის მოწოდებას.
IPN.ge
