ევროკავშირის კარი გაიღო და ახლა ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, ქვეყანამ უნდა იმუშაოს და შეასრულოს 12 პრიორიტეტი. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო წარმატებას მიაღწევს, - ამ სიტყვებით ეხმაურება შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას და კითხვას, როგორ აფასებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას.
მისი თქმით, საქართველომ ეს შანსი უნდა გამოიყენოს და ევროკავშირის რეკომენდაციები შეასრულოს.
„ივნისში ევროპულ საბჭოზე ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება. ეს ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირმა საქართველოსთვის ევროკავშირში გასაწევრიანებლად კარგი გააღო. მოკლევადიან პერსპექტივაში კი საქართველოს წარუდგინეს კანდიდატის სტატუსის მოპოვების ძალიან კონკრეტული შესაძლებლობა, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების გრძელვადიანი მოგზაურობის შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი. კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელია 12 პუნქტის პირობების შესრულება. ასე რომ ევროკავშირის კარი გაიღო და ახლა ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, ქვეყანამ უნდა იმუშაოს და შეასრულოს 12 პრიორიტეტი. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო წარმატებას მიაღწევს. შვედეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს პროგრესს ევროკომისია და ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეაფასებენ. ასე რომ, მე წინასწარ არ განვიხილავ პროგრესს, მაგრამ ნება მომეცით გაგიზიაროთ სამი რამ, რისი დიდი იმედიც მაქვს. იმისათვის, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, იმედი მაქვს, ჩვენ დავინახავთ 12 პუნქტის შინაარსის ძალიან სანდო და რეალურ შესრულებას. ასევე იმედი მაქვს, რომ საქართველოს მხრიდან ეს პროცესი იქნება ღია, ინკლუზიური და მოიცავდეს კონსულტაციებს. და სულ მცირე, იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო გაერთიანდება ამ ძალისხმევის გარშემო. ეს არის ის, რისი იმედიც მაქვს და კიდევ ერთხელ მინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს“, - აცხადებს ულრიკ თიდესტრომი.
რაც შეეხება ქვეყანაში ბოლო დროს გავრცელებულ პოლიტიკურ ნარატივს, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, ელჩი აცხადებს, რომ ევროკავშირის დაარსების მთავარი იდეა სწორედ ომის პრევენცია და მშვიდობის ხელშეწყობაა.
„ჩვენ, თვალყურს ვადევნებთ საშინაო დებატებს საქართველოში. ვფიქრობ, გასული კვირებისა და თვეების განმავლობაში ნათქვამი ზოგიერთი რამ ჩემთვის ცოტა რთული გასაგებია. როგორც ყველამ ვიცით, ევროკავშირი და შეერთებული შტატები არიან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, ქვეყნის საუკეთესო მეგობრები და ყველაზე ძლიერი მხარდამჭერები. ჩვენი ერთადერთი დღის წესრიგია საქართველოს მხარდაჭერა, საქართველოსა და ქართველი ხალხის არჩევანის მხარდაჭერა ევროპული და ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ის მოვლენები, რაზეც მეკითხებით, ვფიქრობ, და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველმა ხალხმა იცის, რაც უკვე ვთქვი, რომ ევროკავშირი და აშშ თქვენი უახლოესი მეგობრები და ძლიერი მხარდამჭერები არიან და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ხალხს ესმის, რა თქმა უნდა, ევროკავშირი არ ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას, პირიქით. იდეა, რომელზეც ევროკავშირი არის დაფუძნებული არის და რჩება ევროპაში მშვიდობა და კეთილდღეობა. ამ იდეაზეა დაფუძნებული საქართველოსთან ჩვენი ძლიერი პარტნიორობაც. ეს არის საქართველოს მშვიდობა და განვითარება, კეთილდღეობა და მთლიანობის ურყეობა. ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა ეს იცის“, - განაცხადა შვედეთის ელჩმა.
