„ქართული ოცნება“ ევროპარლამენტისგან უმძიმეს და უმკაცრეს რეზოლუციას მიიღებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მან ისაუბრა ბრიუსელში „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერთან ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად ვიზიტზე და განაცხადა, რომ მას აქვს რეზოლუციის შინაარსი, რომელიც ძალიან მძიმეა.
მისივე თქმით, მთავარი გზავნილი დეოლიგარქიზაციაზეა, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იქნება მოხსენიებული.
„ქართულ ოცნებაში“ ვერ ვხედავთ ვერანაირ პოლიტიკურ ნებას, რომ რამის გაკეთება უნდათო. დეოლიგარქიზაციის კანონზე იცით რა უთხრეს კობახიძის ამფსონებმა ევროკომისიას? მათ ხომ უთხრეს დაგვცინითო, რა უკრაინული გადათარგმნოთო, თქვენ ხომ კარგად ხართ საერთოდო, როგორი დამოკიდებულება არის ესო? „ქართულ ოცნებაში“ რა უთხრეს იცით? - უკრაინამ თავის დროზე ხომ გააგზავნა ვენეციის კომისიაშიო და იმ დასკვნით ვიხელმძღვანელებთო. და ეს ადამიანები იცით რას ამბობენ? მაგათი საბავშვო ბაღი ვინ არისო? აი, ამ სიტყვებით ლაპარაკობს ხალხი უკვე. მწყობრიდან არიან გამოსულები, ეს არ არის ადამიანური საუბარიო. რა ჯგუფი უნდა გამოვაგზავნოთო, არაფერი გაკეთებული არ არისო. დეკემბერში ნურაფერს ნუ ელოდებით, ამიტომ გეუბნებით. გადაიწია თებერვალი-მარტისკენ ამ ჯგუფის გამოგზავნამ. ზემოდან დაემატა კიდევ ის, რომ კანონის მიღება საკმარისი არ არისო. თუ პროგრესი არ იქნება შეიძლება, ჯგუფი არც თებერვალ-მარტში ჩამოვიდეს.
საკმარისზე მეტი განცხადებებია გაკეთებული. „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტისგან უმძიმეს და უმკაცრეს რეზოლუციას მიიღებს. ამ რეზოლუციის დაახლოებით შინაარსი მაქვს და ძალიან მძიმეა. მთავარი გზავნილი დეოლიგარქიზაციაზეა, სახელებით და გვარებით. ბიძინა ივანიშვილი იქნება მოხსენიებული.
მეტი ვინ უნდა იყოს? მეტი ოლიგარქი ამ ქვეყანაში არ არის და ვინ უნდა ჩაწეროს ევროკავშირმა კიდევ? პარტნიორებს ასე არ ექცევიან და არ ელაპარაკებიან. არ აპირებს ჩვენს ნაცვლად საქართველოში ნაბიჯები გადადგან. ამ ხელისუფლების ცვლილებას ელოდება მთელი სამყარო“, - განაცხადა ვაშაძემ.
კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა ევროპელ პარტნიორებს ოპოზიციასთან პრეტენზიები, რომ არაერთი მოწოდებების მიუხედავად ოპოზიცია ყოფილიყო ჩართული სამუშაო ჯგუფებში ეს მოწოდებები არ გაითვალისწინა, ამასთან დაკავშირებით ვაშაძემ აღნიშნა, რომ პირიქით მადლობა გადაუხადეს იმ სამუშაოსთვის, რაც გააკეთეს სამოქალაქო სექტორთან ერთად.
„ევროკავშირის საგარეო კომიტეტში მე და ზურა ჯაფარიძე ვისხედით, სადაც გვითხრეს - „მადლობა იმ სამუშაოსთვის, რაც გააკეთეთ სამოქალაქო სექტორთან ერთად. თქვენ აჩვენეთ ის პროცესი, რომელსაც ჩვენ ველოდებოდით „ქართული ოცნების“ მხრიდან. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი შეთანხმდით, ამ შეთანხმების მიღმა არის „ქართული ოცნება“, - ეს იყო სიტყვა-სიტყვით, რაც გვითხრეს“,- აღნიშნა ვაშაძემ.
IPN.ge
