პოლარიზაცია უფრო მეტად იგრძნობა დედაქალაქში და ცენტრში, ვიდრე იმ მუნიპალიტეტებში, ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ერთმანეთთან თანაცხოვრების პრაქტიკა, ტრადიცია და წესი შენარჩუნებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, როდესაც საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის პლატფორმის „ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობა და გამოწვევები საქართველოში“ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა და პოლონელ, ამერიკელ, კანადელ და ისრაელელ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
მისი თქმით, საჭიროა, რომ როგორც ქვეყანამ და როგორც საზოგადოებამ დეპოლარიზაციის ყველა შესაძლო და არსებული საშუალებები გამოვიყენოთ.
„მოქალაქეების მეტი ჩართულობით ბევრს მივაღწევთ - მეტ დემოკრატიას, დეპოლარიზაციას, რადგან, როცა კონკრეტულ საქმეში მოქალაქეები ერთად არიან ჩართულნი, იქ უკვე პოლიტიკური დაძაბულობა ნაკლებადაა (ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი არის). პოლარიზაცია უფრო მეტად იგრძნობა დედაქალაქში და ცენტრში, ვიდრე, იმ მუნიპალიტეტებში, ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ერთმანეთთან თანაცხოვრების პრაქტიკა, ტრადიცია და წესი შენარჩუნებულია. ამიტომ საჭიროა, რომ როგორც ქვეყანამ და როგორც საზოგადოებამ დეპოლარიზაციის ყველა შესაძლო და არსებული საშუალებები გამოვიყენოთ.
და კიდევ ერთი, ევროპული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების მეათე პუნქტი. ეს თქვენ ხელშია, რათა ამ მიმართულებით მაინც დავდოთ ის შედეგი, რომელსაც ვასრულებთ არა იმიტომ, რომ ეს ევროპელების მოთხოვნაა, არამედ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის განვითარებისათვის არსებითი და აუცილებელი მიმართულება და თანამედროვე, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბების მიმართულებაა.
მინდა, ორ საკითხზე კიდევ გავამახვილო ყურადღება: მომავალ წელს ნიკო ნიკოლაძის საიუბილეო თარიღია - 180 წელი და როგორც ყველას მოგეხსენებათ, მისი საქმიანობა ქუთაისში, ფოთსა თუ თბილისში მიმართული იყო სწორედ თვითმმართველობის განვითარებისაკენ. გავიდა ამდენი წელი და ჯერ კიდევ ამაზე ვფიქრობთ და ამაზე ვწვალობთ. საჭიროა აღვნიშნოთ ეს თარიღი, ამისათვის ჩვენ ოფიციალურად უკვე მივმართეთ მთავრობას, რომ შეიქმნას კომისია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ასევე, მოქალაქეობის ჩართულობით უნდა განხორციელდეს. ამ პროცესს არ სჭირდება, რომ მაინც და მაინც მართული იყოს ზემოდან და ბევრი ინიციატივა სწორედ თქვენს ხელშია, რომელიც შეიძლება ამ წელს განხორციელდეს.
მეორე, ასეთივე ინიციატივა, რომელიც მინდა გაგაცნოთ - ეს ორბელიანების სასახლეში - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეგიონების დღეების გამართვაა. ეს წინადადება ყველასთანაა გაგზავნილი. ალბათ მიღებულიც გექნებათ.
ჩვენ გითმობთ დედაქალაქის ცენტრში ორბელიანების სასახლის სივრცეს, და ყველა ჩვენ საშუალებებს, რათა რეგიონებმა რაც შეიძლება მრავალფეროვნად წარმოადგინონ საკუთარი თავი, როგორც ჩათვლიან საჭიროდ. აქ არანაირი ჩარევა არ იქნება, ჩვენი მხრიდან იქნება მხოლოდ მხარდაჭერა, იმისთვის, რომ ყველა კუთხით, წარმოჩინდნენ თქვენი რეგიონები, მუნიციპალიტეტები, ის, რაც კეთდება, რაც მართლაც თვალსაჩინოა.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან ცოცხალი და ძალიან საინტერესო პროცესი. დავიწყებთ ნოემბერში და რეგიონების კვირეულს სვანეთი გახსნის. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სწორედ სვანეთით ვიწყებთ.
ძალიან დიდი მადლობა! გისურვებთ ძალიან წარმატებულ ფორუმს და კიდევ ერთხელ, მინდა, მადლობა მოვახსენო პოლონეთს, რომელიც ყველა ამ ძალიან მნიშვნელოვან წამოწყებაში ჩვენს გვერდით დგას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
IPN.ge
