რუსული ძალები ზაპოროჟიეს დღეს დილით S-300 რაკეტებით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც საცხოვრებელი კორპუსი და ინფრასტრუქტურული ობიექტები განადგურდა, - ამის შესახებ ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხი იუწყება.
მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსში გაზის სისტემა დაზიანდა, ხანძარი გაჩნდა და კედელი ჩამოინგრა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
ამასთან, გუბერნატორის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ერთ-ერთ რაიონში მდებარე სკოლა დაბომბეს.
„დაზიანებულია სკოლის სახურავი და ჩამსხვრეულია მინები. დარტყმები ასევე დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის ობიექტებსა და ღია ტერიტორიებზე“, - აღნიშნა სტარუხმა.
