რას ნიშნავს სანქცია, ამას იგრძნობს არამხოლოდ ივანიშვილი, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც ემსახურებიან მას და ძალიან უყვართ სეირნობა ევროპაში, კომოს ტბაზე - მომავალში მოუწევთ ბაიკალის ტბაზე, ნოვოროსიისკში, ნოვოჩერკასკსა თუ ციმბირში სიარული,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის მხრიდან ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირება ნიშნავს იმას, რომ სანქციები უახლოვდება თავად ივანიშვილს და უახლოეს მომავალში ამ სანქციებს აამოქმედებენ დასავლეთის ქვეყნები.
"მეხივით დაეცა თავს "ქართულ ოცნებას" ეს ინფორმაცია, არ ეგონათ თუ საქმე აქამდე მივიდოდა. უკრაინის მიერ ამ ადამიანების დასანქცირება ნიშნავს, რომ მას შემდეგ გაიმეორებს როგორც ევროკავშირის ქვეყნები, ისე აშშ, კანადა და ა.შ. ეს არის ფაქტობრივად, ივანიშვილის გაფრთხილება, რომ თუ ის არ დაანებებს თავს ქვეყნის ორიენტაციის ცვლილების მცდელობას, თუ მათი მომსახურე, მორჩილი ადამიანები გააგრძელებენ ქვეყნის საზიანო პოლიტიკას, ანტიდასავლურ რიტორიკას, სიცრუის გავრცელებას, რომ ქვეყნის ომში ჩათრევა უნდათ, თუ არ შეწყვეტს „ქართული ოცნების“ გამოყენებას საკუთარი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად, მაშინ ის დასანქცირდება. რას ნიშნავს სანქცია ამას იგრძნობს არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ იგრძნობენ ის ადამიანებიც, რომლებიც ემსახურებიან მას და ძალიან უყვართ სეირნობა ევროპაში, კომოს ტბაზე, მომავალში როცა სანქციები გავრცელდება ზოგიერთ პოლიტიკოსზე და ხელისუფლების წევრზე, მოუწევთ ბაიკალის ტბაზე, ნოვოროსიისკში, ნოვოჩერკასკსა და ციმბირში სიარული. ივანიშვილს სანქციები უახლოვდება და ეს უკვე ეხება ირიბად მას, რადგან სანქციების განმარტებაში არის ცნება - "დაკავშირებული პირები", ეს ადამიანები ივანიშვილთან არის დაკავშირებულნი,"- განაცხადა გოცირიძემ.
IPN.ge
