2021 წელს განათლებაზე, მეცნიერებაზე და პროფესიულ მომზადებაზე დანახარჯები დაახლოებით 2.2 მლრდ. ლარია, რაც მშპ-ს 3.6%-ს შეადგენს – ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია საუბარი. IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში განათლების სექტორის მიმოხილვას, ეთნიკური უმცირესობების და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების გამოწვევების იდენტიფიცირებას შეეხება.
IDFI-ის ინფორმაციით, 2021 წელს დახარჯული 2.2 მლრდ. ლარიდან ინკლუზიურ განათლებაზე მხოლოდ 1.2% დაიხარჯა. ასევე, საქართველოს მოსახლეობის 13.2% ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს და 2021/22 წლის მონაცემებით, 207 არაქართულენოვან სკოლაში 54,325 მოსწავლეა. 2021/22 წლის მონაცემებით კი, სკოლებში 10,684 სსსმ მოსწავლეა.
“2021 წ. პროფესიულ სასწავლებელში ჩაირიცხა 250 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, რაც 17-ჯერ აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს. 2020 წ. COVID-19 პანდემიის გამო, პროფესიულ სასწავლებლებში მხოლოდ 164 სსსმ სტუდენტი ჩაირიცხა (-37% წ.წ.). იგივე მაჩვენებელი 201-მდე გაიზარდა 2021 წელს. ამავდროულად, 2021 წ. გაორმაგდა სსსმ პირებს შორის სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა.
2010 წლიდან 2018 წლამდე 5-ჯერ გაიზარდა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტების რაოდენობა. 2021 წ. 2,665 აბიტურიენტი დარეგისტრირდა არაქართულენოვან უნარების გამოცდაზე, რაც აბიტურიენტების 7%-ს შეადგენს +3 პ.პ.-ით მეტი ვიდრე 2010 წელს. 2021 წ. საქართველოში უმუშევრობის დონემ უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალაში 15.5% შეადგინა, რაც ბევრად მაღალია ვიდრე OECD (6.1%) და ევროკავშირის (5.5%) ქვეყნებში”, – აღნიშნულია კვლევაში.
