7%-ს არ აღემატება რუსული გაზის იმპორტი გაზის მოხმარებაში. შესაბამისად, დამოკიდებულება დიდი არ არის , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, თუ ვერ შეძლებს საქართველოს მთავარი პარტნიორი აზერბაიჯანი გაზის მოწოდებას, ამ შემთხვევაში ალტერნატივები მნიშვნელოვანია.
„ მომარაგების წყაროები დივერსიფიცირებულია. საქართველო გაზით სხვადასხვა წყაროდან მარაგდება. შესაბამისად, ავარიების, დივერსიების, გაუთვალისწინებელი მოვლენების შემთხვევაში, მაქსიმალურად ვეცდებით დავაზღვიოთ. თუმცა, გაზსაცავი არის ენერგოდამოუკიდებლობისთვის და ენერგოსიძლიერისთვის მნიშვნელოვანი. 130 მილიონი იყო ამისთვის გამოყოფილი, თუმცა პანდემიის პირობებში სახელმწიფოს მოუწია ძირითადი თანხების სხვა მიმართულებით მიმართვა. ახლა ჩვენ დავიწყეთ აღდგენაზე საუბარი, რესურსები გვიჩნდება, ამიტომ ეს პროცესი გრძელდება. განხილვის და შესწავლის ეტაპზეა თუ როგორ შეიძლება სხვა უფრო ადეკვატური მცირე ზომის პროექტის განხორციელება ახალი დიზაინით, აქ არ იყო მხოლოდ თანხებზე საუბარი, აქ იყო ბევრ კრიტიკულ კითხვასთან დაკავშირებული საკითხი, როგორიც იყო მათ შორის, სეისმოლოგიური სტაბილურობა, გეოლოგია და ა.შ. ეს პროცესი დეტალურ კვლევებს საჭიროებს, რაც მიმდინარეობს. ჩვენ ისე გავაკეთებთ, როგორც საჭიროა“, - განაცხადა დავითაშვილმა.
IPN.ge
