შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელმა თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისის დირექტორმა, ჰასან მოჰთაშამიმ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მემორანდუმის გაფორმების მიზანს წარმოადგენს გაეროს მოსახლეობის ფონდსა(UNFPA) და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, კერძოდ, თანამშრომლობის ფარგლებში, "112"-ის აპლიკაციის გამოყენებით იგეგმება სამიზნე აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდება ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციის ზომებისა და არსებული სერვისების შესახებ, ასევე, შესაბამისი კამპანიის განხორციელება.
„აღნიშნული ინიციატივის რეალიზება მოხდება გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.
შეხვედრაზე გიორგი არსოშვილმა ხაზი გაუსვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა და ამ ტიპის დანაშაულის აღმოფხვრა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას.
შეხვედრის დასასრულს, "112"-ის დირექტორმა გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაწეული მუდმივი მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
