გამორიცხულია ამ ტიპის პარლამენტში დემოკრატიული კანონშემოქმედებითი ცხოვრება არსებობდეს - ოპოზიციას მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება სხვადასხვა მიმართულებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის შეფასებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, არ არსებობს იმის იმედი, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში გონება გაუნათდება და მიიღებენ კანონპროექტს, რომელიც მომავალში სახელმწიფოს გამოადგება.
„იმედი, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში გონება გაუნათდება და მიიღებენ იმ კანონპროექტს, რომელიც მომავალში სახელმწიფოს გამოადგება და დემოკრატიულ წესწყობილებას საფრთხე არ შეექმნება, არ არსებობს და არც იარსებებს.
იქ, სადაც „რუსულ ოცნებას“ ყველა სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატიდან დაწყებული უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოთი გაგრძელებული მიტაცებული აქვს, ბუნებრივია, იქ დემოკრატიული დისკუსია და მსჯელობა არ იქნება. გამორიცხულია ამ ტიპის პარლამენტში დემოკრატიული კანონშემოქმედებითი ცხოვრება არსებობდეს. ბიძინა ივანიშვილს მონურ მორჩილებაში ჰყავს დეპუტატები.
ისე იცვლიან პარტიებს, რომ არც სჯერა მოსახლეობას, რომ მათ პარტია რეალურად შეიცვალეს, უბრალოდ ფსევდო პლატფორმას ქმნიან და გადადიან. ასეთი მასკარადი არის და იქნება. ოპოზიციას მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება სხვადასხვა მიმართულებით“,-აღნიშნავს მელია.
(ipn)
