„მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრი გიორგი მუმლაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“, ნიკა მელიას სამუშაო ოთახში მისი შეჭრის ამსახველი ვიდეოკადრების გასაჯაროებას ითხოვს.
პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მუმლაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ყველაფერი დადასტურებულია! ნიკა მელიას ოთახში ჩემს შეჭრასა და განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გაასაჯაროვოს პარტიამ ვიდეოკადრები, რათა უფრო ღია და ნათელი იყოს ყველაფერი საზოგადოებისთვის”, - წერს მუმლაძე.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიასა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრ გიორგი მუმლაძეს შორის დაპირისპირება მოხდა.
კერძოდ, პარტიის ცნობით, გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და „შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა“, რაც პარტიის წევრებმა აღკვეთეს.
(İPN)
