"ჩვენთან ულტიმატუმის ენით ვერავინ გველაპარაკება და სომხეთი არავის უნდა დაეყრდნოს".
InterPress.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ლაჩინში აზერბაიჯანის დროშის აღმართვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თქვა, რომ დღეს სომხეთი კარგად უნდა იფიქროს: „ვერავინ გველაპარაკება ულტიმატუმის ენით და არავის უნდა დაეყრდნოს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ვერავინ და ვერაფერი შეგვიშლის ხელს. ჩვენ ვართ სამართლიანობის, საერთაშორისო სამართლის მომხრეები და ვიცავთ, დავიცვათ და აღვადგინეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ შევძელით მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ რა შეგვიძლია, ძალით გავათავისუფლეთ ჩვენი მიწა და ვამაყობთ ამით. ამით ამაყობს მთელი აზერბაიჯანელი ხალხი, მსოფლიოს ყველა აზერბაიჯანელი. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მოწამეებით, ჩვენი არმიით და ჩვენი ჯარისკაცებით და ჩვენი სამფეროვანი დროშა, რომელიც დღეს აქ ფრიალებს, ჩვენი გამარჯვების სიმბოლოა“.
„ახლა კი დადგა დრო, რომ აღვადგინოთ ქალაქი ლაჩინი. ამისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს. 26 აგვისტოს შემდეგ სასწრაფოდ გავგზავნე აქ რამდენიმე ჯგუფი, ჩატარდება მთელი საბინაო ფონდის ანალიზი და აღრიცხვა და დაითვლება ზარალი. ამასთან, მომზადდება წინადადებები გადაუდებელი სამუშაოებისთვის. თავიდან აშენდება ქალაქი ლაჩინი, სოფელი ზაბუხი, სოფელი სუსი. დარწმუნებული ვარ, ამას მალე მივაღწევთ. სამამულო ომის შემდეგ გასულ პერიოდში გაწეული სამუშაოები - ფართომასშტაბიანი სამშენებლო და აღდგენითი სამუშაოები აჩვენებს, რომ აღვადგენთ ჩვენს მიწას, სამშობლოს ჩვენი ხარჯებით“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
