"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სანამ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია და ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ტყვეობასა და მძევლობაში" არიან, ქვეყანაში დეპოლარიზაცია ვერ მოხდება. ამის შესახებ მან სააპელაციო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც ნიკა გვარამიას პროცესი მიმდინარეობს.
ხაბეიშვილის თქმით, მას ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების იმედი არ აქვს.
"ყველამ კარგად იცის რომ ნიკა გვარამია არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი და პირადი ახირების პატიმარი. სასამართლო პროცესის სამართლებრიობის იმედი ცხადია, არ მაქვს. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები. "ქართულმა ოცნებამ" უნდა გაიაზროს, რომ არანაირი დეპოლარიზაცია და არანაირი ევროკავშირში გაწევრიანება არ იქნება პოლიტიკურ მძევლებთან ერთად," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
(ipn)
