უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხარკოვის გათავისუფლებულ ნაწილებში აღმოაჩინეს „წამების ოთახები“ და მოწყობილობები, რომლებსაც რუსული ძალები იყენებდნენ.
„უკვე იპოვეს ათზე მეტი წამების ოთახი ხარკოვის რეგიონის განთავისუფლებულ რაიონებში - სხვადასხვა ქალაქებსა და დაბებში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მსგავსი განცხადება გააკეთა ხარკოვის საოლქო პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ. პროკურატურის ცნობით, რუსეთის არმიამ აწამა ხალხი ეგრეთ წოდებული „სახალხო მილიციის“ სარდაფში.
„რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შექმნეს ფსევდო-სამართალდამცავი ორგანო, რომლის სარდაფში შეიქმნა წამების პალატა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები არაადამიანურ წამებას ექვემდებარებოდნენ“, - აღნიშნავს პროკურატურა.
აღნიშნული ცნობები მოჰყვა მასობრივი სამარხის აღმოჩენას ქალაქ იზუმში. ზელენსკიმ პარასკევს განაცხადა, რომ ზოგიერთ ცხედარს აღენიშნებოდა "წამების კვალი“.
IPN.ge
