ნავთობ იმპორტიორთა კავშირში საწვავის ფასის მოსალოდნელ კლებას ეროვნული ვალუტის სტაბილურობას უკავშირებენ. "საქმიანი დილას“ ეთერში კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა თქვა, რომ თუ ლარის კურსი არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდება, საწვავის ფასის კლება მიმდინარე თვეშიც გაგრძელდება.
"ვფიქრობ, რომ საწვავის ფასის შემცირება გაგრძელდება თუმცა აქ მთელი სირთულე ლართან არის დაკავშირებით. ლარის კურსი დოლართან მიმართებით ძალიან არაპროგნოზირებადია, ერთი პუნქტით გაუფასურება 1 თეთრით პროდუქციის თვითღირებულების გაზრდას ნიშნავს, შესაბამისად თუ ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს ფასები შემცირდება“, - განაცხადა მთვრალაშვილმა.
მან, ბრენდირებულ და არა ბრენდირებულ სადგურებზე ფასის კორექტორების განსხვავებულ პირობებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მცირე და საშუალო ქსელების მხრიდან შეთავაზებული დაბალი ფასის მიზეზი, ნაკლები საოპერაციო დანახარჯები და მარაგების ნაკლები რაოდენობაა.
„ფასების კორექტირების მხრივ ვითარება უკეთესობისკენ არის შეცვლილი. საშუალოდ 40 თეთრით მოხდა ფასების შემცირება. დიზელზე კრიტიკულად მაღალი ფასი იყო, მაგრამ დღეს დიზელზე არა ბრენდირებულ სადგურებზე 4-ლარიან ნიშნულზე დაბლაა, როცა 5 ლარამდე ღირდა. მთელი აგვისტო დაკლების პროცესი მიდიოდა, კლება გაცილებით მეტი იყო არა ბრენდირებულებზე, რისი მიზეზიც ისაა, რომ ისინი პირდაპირ საბითუმო ბაზარზე არიან დამოკიდებულები. მათ არ აქვთ ნაშთები, მარაგები, ამიტომ ფასების ცვლილებაც მცირე დროში ხდება. გადაწყობა მარტივია ხოლმე, თუმცა ფასების მატებაც ასევე სწრაფად ისახება. ბოლო ლარის გაუფასურების გამო რიგმა სადგურებმა ფასი 5-10 თეთრით გაზარდეს.
