"საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის" თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, პურის ფასის კონტროლის ქვეშ მოსაქცევად, წამლების მსგავსად, რეფერენტული ფასები პურზეც უნდა დაწესდეს.
დოლიძის თქმით, პურის დღეს არსებული ფასი არა წარმოების მიერ ნაკარნახევი ფასია, არამედ "მაღაზიების მიერ მომდინარეობს".
"რეფერენტული ფასები უნდა შემოვიდეს. კონტროლი უნდა იყოს იმისა, რომ მე რომ მაღაზიას პური მივაწოდე, მან ეს თანხა თავის მოგებაში კი არ უნდა ასახოს, არამედ მოსახლეობას იმ ფასად მიაწოდოს, რა ფასადაც მიწოდებულია. რა თმა უნდა, შიგნით თავის მოგება უნდა ჩადოს, მაგრამ არა ისეთი მაღალი, რომ მოსახლეობაზე აისახოს", - აღნიშნა დოლიძემ.
მისივე განცხადებით, პურის მწარმოებლების სურვილია, რომ თუკი შესაძლებლობა იქნება, პურის ფასი დაახლოებით, 10 თეთრით შემცირდეს.
"ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და ა.შ. ფასებში ფოკუსირდება, ამიტომ თუ გვექნება შესაძლებლობა, ჩვენ ყოველთვის წავალთ იმაზე, რომ, რა თქმა უნდა, ეს პურის ფასში ავსახოთ, მითუმეტეს ტენდენცია ისეთია, რომ დღეს ფქვილის ფასები დაბლა მოდის. მეწარმის სურვილი ყოველთვის არის, რომ მეტი პურის რეალიზაცია მოხდეს, ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ თუ ამის შესაძლებლობა იქნება, ფასის დაკლება დაახლოებით, 10 თეთრის ფარგლებში მოხდეს", - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
(inforustavi)
