მედვედევის განცხადება იყო გაფრთხილება საქართველოსთვის - ნაცვლად იმისა, ქვეყანა აქტიურად თანამშრომლობდეს დასავლურ სამყაროსთან და შესაბამის გარანტიებს იღებდეს, პირიქით, ანტიდასავლური კამპანია გააძლიერეს , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის სახელით სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულ განცხადებას.
ბეჟაშვილის მოსაზრებით, ეს განცხადება განზრახ იყო გავრცელებული.
"უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის ვებ-გვერდს ადვილად არ ტეხენ. ეს განზრახ გაკეთებული განცხადება იყო და გაფრთხილება საქართველოსთვის, ყაზახეთისთვის და მთელი პროგრესული სამყაროსთვის მათი რეალური გეგმების შესახებ, ეს გეგმებიც არახალია. აქ მთავარია, რამდენად მომზადებულია ქვეყანა, რომ ასეთ საფრთხეებს გაუმკლავდეს და გადაზღვევა მოხდეს. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა აქტიურად თანამშრომლობდეს დასავლურ სამყაროსთან და შესაბამის გარანტიებს იღებდეს, ვხედავთ, რომ პირიქით ანტიდასავლური კამპანია გააძლიერა „ქართულმა ოცნებამ“, რაც ამ საფრთხეებს კიდევ უფრო ზრდის", - განაცხადა ბეჟაშვილმა.
ცნობისთვის, დიმიტრი მედვედევის გვერდზე დაიდო პოსტი, რომელიც რუსეთის იმპერიალისტურ მოსაზრებებს ეხებოდა და ნათქვამი იყო, რომ კიევის დაბრუნების შემდეგ, რუსეთი თავის საზღვრებს აღადგენს, რომელთა გაფართოებისთვის წლების განმავლობაში სისხლი იღვრებოდა. მოგვიანებით პოსტი წაშალეს, მედვედევის თანაშემწე ოლეგ ოსიპოვმა კი განაცხადა, რომ სოციალურ ქსელ „ВКонтакте“- ში მედვედევის გვერდი გატეხეს.
მედვედევის გვერდზე განთავსებულ პოსტში საქართველოზეც იყო საუბარი.
„საქართველოს შეერთებამდე ის საერთოდ არ არსებობდა. 1801 წლისთვის დღევანდელი საქართველოს ტერიტორია 5 სუვერენული პოლიტიკური ერთეულისგან შედგებოდა: ქართლი და კახეთი, დედაქალაქით თბილისში, იმერეთი დედაქალაქით ქუთაისში, ორი სამთავრო - სამეგრელო და გურია ზღვის სანაპიროზე და სვანეთის სამთავრო მთებში ანუ საქართველო დღევანდელი საზღვრებით შეიქმნა რუსეთის იმპერიის ფარგლებში. საქართველო მიისწრაფოდა რუსეთისკენ, რადგან ესმოდა, რომ რუსეთი იყო მისი ერთადერთი მოკავშირე მუსლიმური სახელმწიფოების საკმაოდ მტრულ გარემოცვაში და დღეს იგივე ისტორია მეორდება- ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დანარჩენი ტერიტორია შეიძლება გაერთიანებული იყოს რუსეთის ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“,- ნათქვამი იყო პოსტში, რომელიც მოგვიანებით სოციალური ქსელიდან წაშალეს.
IPN.ge
