თუკი „ლელოს“ მიერ შემუშავებულ კანონპროექტებს მხარს დაუჭერს „ქართული ოცნება“, გარანტირებულად ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ლელოს“ ამოცანაა არა ის, რომ ძალაუფლებაში მოვიდეს, არამედ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ახლა.
„შეგვიძლია პასუხისმგებლობა ავიღოთ ახლავე. „ლელო“ მზად არის ეს პასუხისმგებლობა აიღოს, თუკი „ლელოს“ მიერ შემუშავებულ კანონპროექტებს მხარს დაუჭერს „ქართული ოცნება“, გარანტირებულად ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს ავტომატურად. მე შემიძლია ეს პასუხისმგებლობა ავიღო საზოგადოების წინაშე. ჩვენი ამოცანა არის არა ის, რომ ძალაუფლებაში მოვიდეთ, არამედ ჩვენი ამოცანაა ის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსის ახლა”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თუკი „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამო კანონპროექტებს შესთავაზებს, მაშინ აუცილებელია, რომ ოპოზიციას ჰქონდეს ალტერნატიული შეთავაზება, რათა ევროპამ დაინახოს, რომ არსებობს დემოკრატიული ოპოზიცია.
„თუკი „ქართული ოცნება“ შესთავაზებს საზოგადოებას ისეთ კანონპროექტებს, რომლებიც არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ვერ ასრულებს რეკომენდაციებს, მაშინ აუცილებელია ჩვენ გვქონდეს სხვა შეთავაზება, რომელსაც „ქართული ოცნება“ არ გაიზიარებს, მაგრამ საზოგადოებას და ჩვენ ევროპელ მეგობრებს ეცოდინებათ, რომ არსებობს დემოკრატიული ოპოზიცია, რომელსაც აქვს სწორედ ისეთი ხედვა, რომელსაც ველოდებით სახელმწიფოსგან.
თუკი ასეთი სიურპრიზი გაგვიკეთა „ქართულმა ოცნებამ“ და განახორციელა სასამართლო რეფორმა, ანტიკორუფციული კანონმდებლობა მიიღო, სრული მხარდაჭერა ექნება, ახლავე ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ იქნება „ქართული ოცნებისგან“. მთავარი არის ჩვენთვის, რომ შესრულდეს რეკომენდაციები და თუ რეკომენდაცია სრულდება, ვისგანაც არ უნდა იყოს ინიციირებული, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
IPN.ge
